პეტრუშკა (თეატრალური თოჯინა)
პეტრუშკა – (რუს. Петрушка), რუსული ხალხური თოჯინური წარმოდგენების პერსონაჟი. შირმის ზემოთ მყოფი თოჯინის სახეობა. ფიგურირებდა სკომოროხების რეპერტუარში. წარმოდგენაში მისი მონაწილეობის აღწერა პირველად გვხვდება 1636 წ-ს. მისი გარეგნული მახასიათებლებია: დიდი კეხიანი ცხვირი, მოცინარი პირი, ხშირად – ორი კუზი. აცვია წითელი პერანგი, თავზე ახურავს ჩაჩი. წარმოდგენებს მისი მონაწილეობით მართავდნენ ბაზრობებზე, ბაზრებში, ეზოებში.
სჭირდებოდა ორი შემსრულებელი: ერთი უკრავდა არღანზე (ადრე, სტვირზე) და მონაწილეობდა დიალოგში მეორე კი შირმის თავზე ათამაშებდა თოჯინას, მარჯვენა ხელში ეჭირა პეტრუშკა, მარცხენაში კი, რიგრიგობით, სხვა პერსონაჟები. ჰქონდა საყვირი, რომლის შემწეობით მისი ხმა შორს აღწევდა. წარმოდგენის შინაარსი, ვარიანტების მრავალფეროვნების მიუხედავად, უცვლელი იყო. იგი შედგებოდა ყოფითი იუმორისტული სცენებისა და სატირული ხასიათის დიალოგებისაგან პეტრუშკა ხელკეტით უსწორდებოდა ყველა შემწუხებელს, რომელთა შორის მრავლად იყვნენ სახელმწიფო მოხელეები. ბოლოს მას ცხვირით მიათრევდა ეშმაკი ან ძაღლი. თოჯინის ეს სახე დღესაც პოპულარულია რუსულ თოჯინურ თეატრში.
„პეტრუშკა“ უაღრესად ხალხური მოვლენაა, რასაც ადასტურებს ამ წარმოდგენის თემატიკაცა და მათი ფორმაც (ორტაეპედი ნართაული სიტყვებისა და ზმების გამოყენებით). ახლა ძალზე იშვიათადღა გვხვდება სპექტაკლები „პეტრუშკის“ მონაწილეობით, მაგრამ ისეთი თოჯინების სისტემა, რომელთაც ზოგადი სახელწოდება „პეტრუშკები“ ანუ ხელით სათამაშო თოჯინები ეწოდება, ფართოდ გამოიყენებოდა საბჭოურ თოჯინების თეატრში.