ჰანსვურსტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰანსვურსტი – (გერმ. hanswurst, სიტყვასითყვით – „ჰანსი-ძეხვი“) – გერმანული ტრადიციული თეატრის კომიკური პერსონაჟი ასახულ იქნა ფასტნახტშპილებში პ. პრობსტის, ჰ. საქსის, ჰ. როლის მიერ. მე-17 ს. პიკელგერინგთან ერთად გავრცელდა როგორც ინტერმედიების მთავარი მონაწილე; ამასთანავე იგი არის გერმანელი მოხეტიალე მსახიობების ერთგვარი კრებსითი სახე.

ჰანსვურსტი გერმანელი მდაბიორია, უბრალო და მოხერხებული, მხიარულიც და ჩხუბისთავიც, მშიშარა და ღორმუცელა, რომელიც ართობს მაყურებელს უხეში, პრიმიტიული, ფარსული ხუმრობით და ტრიუკებით. მოქმედების მსვლელობის დროს, იმპროვიზაციის გამოყენებით, იგი მუდმივად ესაუბრება მაყურებელს. გერმანულის გარდა, არსებობდა ჰანსვურსტის მეორე ნაირსახეობაც – ავსტრიული, რომელიც იტალიური კომედია დელ’არტეს გავლენით, ძალიან ჩამოჰგავდა არლეკინოს. მე-18 ს. კლასიცისტებმა ი. გოტშედმა და კ. ნეიბერმა გაილაშქრეს ჰანსვურსტის წარმოდგენების შინაარსისა და სტილის წინააღმდეგ, რაც, მათი აზრით, აქვეითებდა მაყურებლის გემოვნებას.

მოგვიანებით, ლესინგმა დაგმო ჰანსვურსტის სცენიდან გაძევება როგორც გერმანული ხალხური თეატრის ტრადიციებთან კავშირის გაწყვეტის მცდელობა. მე-18 ს. დამლევს ჰანსვურსტი საბოლოოდ გაქრა სცენიდან და თავისი ადგილი დაუთმო ვოდევილებისა და ზინგშპილების მრავალფეროვან კომიკურ პერსონაჟებს.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები