ბელინი ვინჩენცო
ვინჩენცო ბელინი - (იტალ. Vincenzo Bellini) (3. XI. 1801, კატანია, სიცილია, – 23. IX. 1835, პიუტო, პარიზის მახლობლად), იტალიელი კომპოზიტორი, მამამისი დირიჟორი იყო, პაპა – ორგანისტი და კომპოზიტორი.
ბელინი სწავლობდა ნეაპოლის კონსერვატორიაში. დაწერა 11 ოპერა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია განთქმული „ნორმა“ (1831, „ლა სკალას“ თეატრი, მილანი). ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობის აღმავლობის პირობებში ბელინის ოპერები ხშირად პოლიტიკურ შინაარსს ატარებდა.
ცნობილი ოპერებია „პირატი“, „კაპულეტი და მონტეკი“, „სომნაბულა“, „პურიტანები“. ბელინი ბელკანტოს უდიდესი ოსტატი, ამ სტილის ოპერის ერთ-ერთი კლასიკოსია. მისი მუსიკის საფუძველს წარმოადგენს მოქნილი, პლასტიკური მელოდია.
გამოჩენილი იტალიელი მომღერლები ბელინის ნაწარმოებებზე სრულყოფენ საშემსრულებლო ხელოენებას.