კამერატა
კამერატა (ფლორენციული კამერატა) – პოეტების, მუსიკოსების, მეცნიერებისა და მუსიკის მოყვარულთა გაერთიანება, რომელიც ჩამოყალიბდა 1580 ფლორენციაში. მისი ინიციატორები იყვნენ კომპოზიტორი და მეცენატი გრაფი ჯ. ბარდი და მუსიკის მოყვარული ი. კორსი, მონაწილენი: პოეტი ო. რინუჩინი, მომღერლები და კომპოზიტორები ჯ. კაჩინი, ო. პერი, ვ. გალილეი და სხვები. ისწრაფოდნენ ანტიკური ტრაგედიის აღდგენისაკენ. მათ დაუპირისპირეს XVI-ის გაბატონებულ საგუნდო პოლიფონიას მონოდია თანხლებით და წინ წამოსწიეს ჰომოფონიურ-ჰარმონიული საწყისი. ფლორენციის კამერატასთან არის დაკავშირებული ახალი ჟანრის – ოპერის („დრამა მუსიკით“) დაბადება, რომლის პირველი ნიმუშებია პერის „დაფნა“ (კორსისთან ერთად; 1592, დაიდგა 1597-98), პერის „ევრიდიკე“ (დაიდგა 1600), კაჩინის „ევრიდიკე“ (დაიდგა 1602, ყველა – ო. რინუჩინის ტექსტებზე).