ძმები გრიმები
ძმები გრიმები – იაკობი (1785–1863) და ვილჰელმი (1786–1859), გერმანელი მეცნიერი-ფილოლოგები, გეტინგენის, შემდეგ კი ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორები. განათლებით იურისტები იყვნენ, მაგრამ მთელი თავიანთი სიცოცხლე ფილოლოგიასა და გერმანული კულტურის ისტორიის საკითხების შესწავლას შესწირეს.
გრიმები ფოლკლორში ხედავდნენ ხალხის ისტორიას, ამიტომ ზეპირსიტყვიერების შეკრება და შესწავლა ეროვნულ ამოცანად გამოაცხადეს, მათი აზრით, ნაციონალური კულტურის ძირითად ელემენტს წარმოადგენს არა ქრისტიანობა არა კათოლიკური შუასაუკუნეები როგორც ამას ასაბუთებდნენ მათი თანამედროვე მკვლევრები, არამედ ხალხური რელიგია და წარმართობა.
1812 წელს ბერლინში გამოქვეყნდა მათ მიერ შედგენილი ზღაპრების კრებული „Kinder und Haumärchen“ („საბავშვო დასაოჯახო ზღაპრები“), რომელიც მკითხველთა ფართო წრისთვის იყო გამიზნული, მაგრამ, ამასთანავე, მეცნიერულ კომენტარებსაც, შეიცავდა. ამას მოჰყვა რიგი ფოლკლორული გამოცემები. გერმანული თქმულებების კრებული („Deutsche Sagen“, I-II); ჩრდილოეთის ფოლკლორისადმი მიძღვნილი გამოკვლევები და კრებულები („Altdänische Heldenlieder, Balladen und Märchen; Lieder der alten Edda“; „Der arme Heinrich von der Ane“ და სხვ).
ფოლკლორისტიკის ისტორიაში გრიმები მითოლოგიური სკოლის მამამთავრებად ითვლებიან მათი მითოლოგიური კონცეპციები ყველაზე რელიეფურად ჩამოყალიბებულია იაკობ გრიმის „გერმანულ მითოლოგიაში“ („Deutsche Mythologie", Göttingen, 1835) გრიმების ფოლკლორისტული შეხედულებების ძირითად იდეას წარმოადგენდა აზრი – ხლხური გადმოცემების მაღალი ეთიკური ღირებულებისა. მათი ღრმა რწმენით, ფოლკლორის საფუძველს ყოველთვის პოეტური და ზნეობრივი სიმართლე წარმო ადგენდა.
გრიმების ზღაპრების ქართულ ენაზე თარგმნას ხანგრძლივი ტრადიცია გააჩნია. ყველაზე ნაყოფიერად ამ მხრივ მუშაობდა მწერალი ნიკო ლორთქიფანიძე, რომელმაც თარგმნა გრიმების რამდენიმე ათეული ზღაპარი.
ჯ. ბარდაველიძე
ლიტერატურა
- ძმები გრიმები, გერმანული ზღაპრები, ნაკადული, 1969;
- ძმები გრიმები, გულადი თერძი, ნაკადული, 1962;
- მ. ჩიქოვანი, ქართული ფოლკლორი, 1946;