თქმულება ირმის ღვიძლის შესახებ
თქმულება ირმის ღვიძლის შესახებ - ძველად ძალიან ბევრი ირემი ყოფილა და ირემზე ნადირობაც ხშირი ყოფილა. იყო ერთი ირემზე მონადირე კაცი. წასულა სანადიროდ და მოუკლავს ძალიან დიდი ირემი. გაუტყავებია, დაუნთია ცეცხლი და ამოუღია გულ-ღვიძლი, რომ შეეწვა და შეეჭამა. ამ დროს მთიდან ბალღის ძახილი გაუგონია, ჯერ შორიდან, მერე ძალიან ახლოდან: ხარი დამეკარგა და ხომ არ გინახავსო? მეორე ხმა გაეპასუხა: შენი ხარი, აი, აქ მოუკლავთ და გულ-ღვიძლს წვავენ შესაჭმელადო. ამაზე პირველმა ხმამ წყრომით დაიძახა: თუ შეჭამ, მერე ვნახოთო! დაფიქრებულა მონადირე: შევჭამო თუ არაო. თუ შევჭამ, მოვკვდები, თუ არა და დიდხანს ვიცოცხლებო. დიდი ფიქრის შემდეგ ცოტა მოუჭრია, შეუჭამია და დანარჩენი ჩოხის მასრებში შეუნახავს, როცა დავბერდები, მაშინ შევჭამო. გასულა დიდი ხანი. მონადირეს ღვიძლი დავიწყებია და ეს ჩოხა ძმობილი თუშისთვის მიუცია. დაბერებულა მონადირე, მაგრამ არ აცხადებს, თუ რატომ არ კვდება. შეწუხებულა გარშემო სოფელი, ოჯახი. დამდგარა დიდი წუხილი, რატომ არ კვდებაო. მონადირეს უთქვამს ღვიძლის ამბავი და მომკვდარა კიდეც.