ბრუნებადი სიტყვა
ბრუნებადი სიტყვა – სიტყვა, რომელიც იბრუნვის. ბრუნებადად რომ ჩაითვალოს, სიტყვას უნდა ჰქონ�დეს ორი ბრუნვის ფორმა მაინც.
ქართულ ენაში ბრუნებადი სიტყვები ძირითადად სახელებია, მათ შორის სხვა ენებიდან ნასესხებიც. მაგ., სიტყვა „პალტო“ ქართულში რუსულიდანაა შემოსული, რუსულში კი – ფრანგულიდან. იგი არ იბრუნვის არც რუსულში და არც ფრანგულში, ქართულში კი გვაქვს: პალტო, პალტო-მ, პალტო-ს და ა. შ.
ქართულ ენაში ბრუნებადი შეიძლება იყოს არა მარტო სახელები, არამედ ფორმაუცვლელი სიტყვებიც და თვით პირიანი ზმნებიც კი: „ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე“, „ერთი მაქვს სჯობს ათას მქონდას..“
ზმნისართებში დაპირისპირება „აქედან-აქამდე“ (შდრ.: „სახლიდან–სახლამდე“) გვავარაუდებინებს ბრუნების არასრული პარადიგმის არსებობას. ამდენად, ზმნისართიც შესაძლოა ჩაირთოს ბრუნებად სიტყვათა ჯგუფში (ბ. ჯორბენაძე).
ქ. დათუკიშვილი
ლიტერატურა
შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძელები, I, თბ., 1953 (1971, 1980).