ენობრივი პოლიტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:29, 25 დეკემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენობრივი პოლიტიკა – კონკრეტული სახელმწიფოს შიგნით ენისა თუ ენათა სტატუსის, ენათა ურთიერთობის, სოციალურ-კულტურული განვითარებისა და მათი პერსპექტივების განსაზღვრა-უზრუნველყოფის ღონისძიებათა პროგრამა.

მსოფლიო ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ენის ისტორიაცაა. ყოველი სახელმწიფო მეტ-ნაკლებად თითქმის ყოველთვის ატარებდა გარკვეულ ენობრივ პოლიტიკას; დამწერლობის განვითარებაზე ზრუნვით, განათლების სისტემით, მწერლობისა თუ მეცნიერების ენის დაცვით, ლექსიკონების შედგენითა თუ ტერმინოლოგიური ნორმების დაძებნით იცავდა სახელმწიფო ენას. ამით მოსახლეობის ენობრივი კონსოლიდაციაც ხდებოდა. მაგრამ, რამდენადაც დღეს არც ერთი ქვეყანა არ არის მხოლოდ ერთენოვანი, ენობრივი პოლიტიკა თანდათან გადაიქცა ისეთ სისტემად, რომელიც მრავალი ენობრივი პრობლემის გადასაჭრელ ღონისძიებას შეიმუშავებს და ცხოვრებაშიც ატარებს. ასეთი საკითხებია: ენათა „პრესტიჟის“, დიგლოსიის, ბილინგვიზმისა და მულტილინგვიზმის, ენათა სტანდარტიზაციის, ენობრივი კანონების, ლოკალური და სოციალური „ენების“ საგანმანათლებლო სისტემასთან მიმართების, ემიგრანტთა ენობრივი მდგომარეობის, ენის სოციალური სტრატიფიკაციის, ენათა „სიკვდილის“ („ენათა გაქრობის“), „პროფილაქტიკისა“ და სხვ. მრავალი

ენობრივ პოლიტიკას მხოლოდ პოზიტიური შედეგები არ მოჰყეება. ამ პოლიტიკით შეიძლება იმართოს უარყოფითი მოვლენებიც: ეთნოკონფლიქტთა გაღვივება, სახელმწიფოთაშორისი დაპირისპირებანი, ენათა დაყოფა „პრესტიჟულ“ და „არაპრესტიჟულ“ ენებად, სახელმწიფოს მოლიანობის დაშლის პოლიტიკური პროცესები, საზოგადოების შიდასოციალური დაყოფა და ადამიანის უფლებათა შეზღუდვა.

ენობრივი პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ენის დეფინიციის პრობლემა. იმის მიხედვით, თუ რა არის ენა მისი სოციალურ-პოლიტიკური გაგებით, განისაზღვრება დიალექტის ცნება, მოლაპარაკის მონოლინგვურობა, დიგლოსიურობა თუ ბილინგეიზმი. ამ განსაზღვრებათა საფუძველზე (სხვა ნიშნებთან ერთად) შემუშავდება ენის სტატუსის საკითხიც. დღეს თანამედროეე ლინგვისტურსა და სოციოლინგვისტურ ლიტერატურაში არ არის დამუშავებული ენის, დიგლოსიისა და ბილინგვიზმის ცნებათა უდავო განსაზღვრებანი, რაც ზოგჯერ პოლიტიკური „თამაშის“ იარაღი ხდება.

ენობრივი პოლიტიკა შემუშავდება ენობრივი სიტუაციის განსაზღვრის საფუძველზე. ენობრივი პოლიტიკის ცნება განუყოფლადაა დაკავშირებული ენობრივი კონფლიქტისა და ენის ეკოლოგიის ცნებებთან. ენობრივი კონფლიქტები ენათა კონტაქტების ერთ-ერთი სახეა, რომელიც სხვადასხვა ენობრივი საზოგადოების ან სხვადასხვა ენობრივი შრის სოციალურ-პოლიტიკური ინტერესების შეჯახებისას გამოიკვეთება. ხშირად ამგვარ კონფლიქტებში ენობრივი წინააღმდეგობები არ არის პირველადი, მაგრამ პირველადად მხოლოდ ის ცხადდება.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები