ენობრივი კონტაქტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენობრივი კონტაქტები – (ლათ. contactus – შეხება), ორი ან მეტი ენის ურთიერთქმედება, რაც გავლენას ახდენს ერთ-ერთი ან რამდენიმე მათგანის სტრუქტურასა და ლექსიკაზე. ენობრივი კონტაქტები სოციოლინგვისტური ტერმინია და ამა თუ იმ სახელმწიფოს (ან ეროვნების) ენის სხვა ენასთან კავშირს გულისხმობს. ენობრივი კონტაქტების მიზეზები განსხვავებულია. ენათა შეხვედრები შეიძლება ემყარებოდეს ენობრივი და ეთნიკური ჯგუფების ინტენსიურ სამეურნეო, კულტურულ-საგანმანათლებლო, სავაჭრო, სამხედრო-პოლიტიკურ თუ სხვა სახის ურთიერთობებს. ზოგჯერ ენობრივი კონტაქტების საფუძველია მათი საერთო წარმოშობა, ზიარი სტატუსი, ფუნქციათა შეთავსება, საზოგადოებრივ ერთობაში ცალკეულ პირთა განსხვავებული ენობრივი კუთვნილება, კომპეტენცია და ა. შ.

ენობრივი კონტაქტების პრაგმატული გამოყენებითი სფეროებია; მასმედია, საქმის წარმოება, პოლიტიკა და დიპლომატია, სამართლებრივი სფერო, პუბლიცისტიკა, მეცნიერება, მხატვრული ლიტერატურა და სასაუბრო სიტუაციები. კონტაქტების ინტენსივობა განსაზღვრავს ინტერფერენციის ხარისხსა და ოდენობას. თუმცა სალიტერატურო ების ტრადიციებსა და ნორმალიზაცია-სტანდარტიზაციის დონეს შეუძლია დაიცვას ენა ჭარბი ინტერფერენციისაგან: კონტაქტების დროს სტანდარტიზებული ენები მეტ-ნაკლებად აკონტროლებენ კალკებსა და უმართებულო სესხების პროცესებს

ენობრივი კონტაქტების რეალიზაციის სფეროები სხვადასხვაა:
1. საერთო სახელმწიფოებრივი ურთიერთობის სფერო – მაგ., სალიტერატურო ენა, რომელიც სახელმწიფოს შიგნით ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ენაა (ინგლისური ენა აშშ-ში);
2. რეგიონალური ურთიერთობის სფერო – ზოგადდიალექტური კოინე ერთეროვნულ სახელმწიფოში;
3. ადგილობრივი ურთიერთობის ენა – დამწერლობის არმქონე დიალექტი და დიალექტი წერილობითი ფიქსაციით, ან ეროვნული უმცირესობის ენა მრავალეროვან სახელმწიფოში (გერმ. ან ნორე. ენები აშშ-ში; ბერბერული ენა ალჟირში; პამირული ენები ტაჯიკეთში და სხვ);
4. წარმოების სფერო, რომელსაც ემსახურება პროფესიული ენობრივი წარმონაქმნი (ლათ. ენა, როგორც მეცნიერების ენა); <b 5. საოჯახო-საყოფაცხოვრებო ურთიერთობის სფერო – დიალექტები, ქალაქური მდაბიური ენა, ეთნოლინგვისტურ ერთობათა ენა (უელსური ინგლისში, ბრეტონული საფრანგეთში და სხვა;
6. რიტუალური ერთობის ენა – სალიტერატურო ეროვნული ენა (ინგლისური, ფრანგული…), ძვ. წერილობითი ენა (ძვ. სლავური), უცხო ენა (მკვდარი ან ცოცხალი ენები).

ენობრივი კონტაქტების ცნებას უკავშირდება მოცემული ენობრივი სისტემის მიმართ მასთან კონტაქტში მყოფი ენისა თუ ენობრივი ვარიანტის სტრატული ადგილის (როლის) განსაზღვრაც. ამ საკითხთან დაკავშირებით განიხილება ენობრივი ადსტრატის, სუბსტრატისა და სუპერსტრატის ცნებები.

განსაკუთრებით მდიდარ და მრავალფეროვან მასალას იძლევა ქართულის ენობრივი კონტაქტები (ზეპირი მეტყველების ან წერილობითი ტექსტების მეშვეობით) მეზობელ თუ უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზევე გავრცელებულ ინდოევროპულ, სემიტურ და სხვ. ჯგუფის ენებთან (საქართველოში გავრცელებული ენები). ამ კონტაქტთა კვალის შესწავლა აუცილებელი ჩანს როგორც საკუთრივ ქართულის (ქართველურის), ის ზოგადენათმეცნიერების (სესხების კანონზომიერებათა) კვლევის თვალსაზრისითაც (იხ.ენობრივი კონტაქტების ტიპოლოგია). (მ. ტაბიძე)

სარჩევი

 [დამალვა

ენობრივი კონტაქტების ტიპოლოგია

ენათა შორის შესაძლებელი კონტაქტების დაჯგუფება ურთიერთგავლენათა ხასიათის მიხედვით. ლინგვისტიკაში შემოთავაზებული კრიტერიუმების გამოყენებით შესაძლებელი ჩანს ენობრივ ურთიერთგავლენათა დაჯგუფება მათი მიმართულებისა ან/და ინტენსივობის ხარისხის საფუძველზე.

მიმართულების მიხედვით განსხვავებულია ცალმხრივი და საურთიერთო გავლენები. ცალმხრივია გავლენა, როდესაც სახეზეა მხოლოდ ერთი ენის ზემოქმედება მეორეზე. ასეთი გავლენა ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს ენებში და, ჩეეულებრივ, რეალიზდება ლექსიკის სფეროში. გამოწვეულია როგორც უცხო ენებიდან ლიტერატურული თუ კულტურული სესხებით, ისე მათთან უშუალო კონტაქტების შედეგად. გამორიცხული არ არის, რომ უცხოენობრივი ზემოქმედება მეტნაკლებად ენის სხვა დონეებზეც აისახოს (სუბსტრატი, სუპერსტრატი). საურთიერთო გავლენა გულისხმობს კონტაქტში მყოფ ენათა დამახასიათებელი ნიშნების ურთიერთ შეღწევას. ამ შემოხედვაშიც გავლენის სფეროდ მეტწილად რჩება ლექსიკა, როგორც ამას ადგილი აქვს, მაგ., ფრანგულსა და ინგლისურს შორის (თითოეულ ამ ენაში მრავლად არის მეორე ენიდან შემოსული სიტყვები). შესაძლებელია ურთიერთზემოქმედება გამოვლინდეს ენის სხვა დონეებზედაც (ადსტრატი).

პიჯინიზაცია

უფრო ინტენსიური ენობრივი კონტაქტების დროს, როდესაც ადგილი აქეს ენათა ურთიერთგავლენებს მთელ სისტემაში, იქმნება ენათა კავშირი. ენათა ურთიერთგავლენების უკიდურეს ფორმებად მიჩნეულია პიჯინიზაციისა და კრეოლიზაციის პროცესები.

პიჯინიზაცია გულისხმობს ენათა ურთიერთგავლენას რომლის შედეგად იქმნება ახალი, მათზე მოლაპარაკეთათვის არამშობლიური, ენა – პიჯინი (დამახინჯებული ინგლისური buziness „საქმე“). პიჯინი, როგორც ბუნებრივი საკომუნიკაციო საშუალება, კონტაქტური ენა, წარმოიქმნება და გამოიყენება შეზღუდულ პირობებში. გვხვდება, ჩვეულებრივ, ეკონომიკური განვითარების არეებში (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, აფრიკა, ამერიკა), როდესაც საქმიან ადგილებში (პლანტაციები, ფაქტორიები, ვაჭრობის ცენტრები, ნავსადგურები…) თავს იყრიან სხვადასხვა, ერთმანეთისათვის გაუგებარ ენაზე მოლაპარაკე ადამიანები. ასეთ დროს რომელიმე (ყოველი მოცემული შემთხვევისათვის კომუნიკაციის თვალსაზრისით უფრო შესაფერისი) ენა ხდება ამოსავალი, რომლის ბაზაზე იქმნება ახალი, ყველასათვის გასაგები ენა – პიჯინი. ცნობილია ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, პორტუგალიურ ენათა ბაზაზე შექმნილი ჰიჯინები. გენეტიურად პიჯინი ამოსავალი ენის გაგრძელებაა, მაგრამ სტრუქტურულად უკვე განსხვავებულია მისგან, მისი დამოუკიდებელი ვარიანტია. პიჯინები ხასიათდებიან შეზღუდული ლექსიკონით (უკიდურესად ღარიბი ლექსიკური მარაგი, ერთმნიშვნელობიანი სიტყვები…) და ძალზე გამარტივებული გრამატიკით (თითქმის მთლიანად მოშლილი ფლექსია, გამარტივებული სინტაქსური ურთიერთობები…); რთული ტონური სისტემები იცვლება დინამიკური მახვილის მარტივი სისტემებით და ა. შ.

პიჯინიზებული ენები

პიჯინებისაგან განსხვავებულია ე. წ პიჯინიზებული ენები, პიჯინიზაციის გარეშე ჩამოყალიბებული კონტაქტური ენები. ისინი წარმოიქმნებიან ავტოქთონურ ენათა ურთიერთგავლენის შედეგად, მაგრამ არა როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურის მქონე ახალი ენები, არამედ როგორც ამოსავალი ენების გაგრძელება გარკვეული ცვლილებებით.

ზოგჯერ პიჯინებად განიხილებიან ასევე შეზღუდული მოხმარების ენები – საბიერები (ხმელთაშუა ზღვის ნავსადგურებში გამოყენებული კონტაქტური ენები, მიღებული რომანული ენების შერევით ბერძნულთან, თურქულთან, არაბულთან). სოციოლინგვისტიკაში არის ცდები მათი განსხვავებისა: საკუთრივ პიჯინებად უფრო მიჩნეულია გამოყენების თვალსაზრისით ნაკლებ-სპეციალიზებული ენები.

კრეოლიზაცია

ზოგჯერ სპეციფიკურ პირობებში პიჯინი, ფუნქციონირების სფეროს გაფართოების შედეგად, შეიძლება გადაიქცეს გარკვეული ეთნიკური გაერთიანების ერთადერთ ენად და შეიძინოს მშობლიური ენის სტატუსი. ასეთ პიჯინს უწოდებენ კრეოლურ ენას, ხოლო ასეთ ენად გადაქცევის პროცესს – კრეოლიზაციას. კრეოლური ენები გავრცელებულია იამაიკაზე, ჰაიტიზე, დომინიკის რესპუბლიკაში და მსოფლიოს მრავალ ყოფილ კოლონიურ ქვეყნებში.

ეთნოსურ ენად გადაქცევისთანავე კრეოლურ ენაში იწყება სტრუქტურული და სემანტიკურ-სტილისტური მოდელების გართულება, რის შედეგადაც ფორმობრივად და ფუნქციურად იგი თანდათან უახლოვდება ჩვეულებრივ ენებს. თუ კრეოლურ ენაზე გავრცელდება სალიტერატურო ენის გავლენა, იწყება დეკრეოლიზაციის პროცესი.

კრეოლური ენების გვერდით არსებობენ აგრეთეე კრეოლიზებული ენები. ისინი წარმოიქმნებიან როგორც კონტაქტური ენები, მაგრამ არა პიჯინების კრეოლიზაციის გზით, არამედ ავტოქთონურ ენათა ურთიერთგავლენებით. ასეთია, მაგ. კონგოს სამხრეთ-დასავლეთში გავრცელებული ენა კიტუბუ, შექმნილი კიკონგის ბაზაზე. როგორც კი ამ ენამ მიიღო მშობლიური ენის სტატუსი, მაშინვე დაიწყო მისი ლექსიკისა და გრამატიკის სტრუქტურის გართულება და, ამდენად, კრეოლიზებული ენიდან „ნორმალურ“ ენად გადაქცევის პროცესიც. (ი. ქობალავა)



ლიტერატურა

  • გიორგაძე გ. ზოგიერთ ძველაღმოსავლურ ენასთან ქართველური ენების კონტაქტების საკითხი თანამედროეე სამეცნიერო ლიტერატურაში. – „ენათმეცნიერების საკითხები“, 1999, №23.
  • გამყრელიძე თ. კიკნაძე ზ. შადური ი. შენგელაია ნ. თეორიული ენათმეცნიერების კურსი, თბ. 2011

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები