კოინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოინე– (ბერძნ. koinέ diάlektos საერთო ენა II მეტყველება), ენის ფუნქციური ტიპი, საერთო ენა, რომელიც რომელიმე წამყვანი (ცენტრალური) დიალექტის (ენის) საფუძველზე ჩამოყალიბდა დიალექტთაშორისი (ენათაშორისი) ურთიერთობისა და ეთნიკური (ეროვნული) თვითგამოხატვის ძირითად საშუალებად.

კოინე თავდაპირველად, როგორც საერთო ენობრივი ფორმა, ჩამოყალიბდა ძვ. საბერძნეთში (ატიკური დიალექტის ბაზაზე), როდესაც ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობითი ომების შემდეგ განსაკუთრებით იგრძნობოდა საერთო ენის საჭიროება.

თანამედროვე სოციოლინგვისტიკაში ტერმინი კოინე გამოიყენება ენის ნებისმიერი ვარიანტის მიმართ, რომელიც წარმოიქმნება დიალექტთა შორის განსხვავებების გაერთფერებით. ამ მნიშვნელობით კოინე შესაძლოა წარმოადგენდეს საერთო ზეპირ საკომუნიკაციო ნორმას გარკვეულ რეგიონში (მაგ., ქალაქური კოინე) არსებობდეს როგორც დიალექტთაშორისი ოდენობა ცალკეულ დიალექტთა აქტიური ურთიერთობის არეალში (მაგ., თიანეთი), ან გამოვლინდეს ხალხური სიტყვიერების რომელსამე ცალკეულ სფეროში (მაგ.: ანდაზებში, ზღაპრებში, პოეზიაში).

ქართული ენობრივი სინამდვილისათვის ნიშანდობლივი ჩანს ერთგვარი პოეტური კოინეს არსებობა ხალხური შემოქმედების დონეზე, რამდენადაც დიალექტურად მკვეთრად განსხვავებულ სხვადასხვა კუთხეთა პოეტური ფოლკლორი დიალექტიზმების თვალსაზრისით საკმაოდ ხელშესახებად არის რეგლამენტირებული და მინიმალურ ენობრივ სხვაობას წარმოაჩენს. სხვა ქართველურ ენათა ანალოგიური ტენდენციებისა და საერთო პოეტური კულტურის გათვალისწინებით, შესაძლებელია ეს ფაქტი არქეტიპულ მოვლენად შეფასდეს. კოინეს, როგორც ენობრივ მოვლენას, ერთგვარი შუალედური ადგილი უკავია ლინგვა-ფრანკასა და სალიტერატურო ენას შორის და არცთუ იშვიათად იგი ამ უკანასკნელის ჩამოყალიბების წინაპირობადაც გვევლინება.

ა. არაბული

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები