აბრუპტივი
აბრუპტივი – (ლათ. < abruptus – მოწყვეტილი, მოგლეჯილი), ყრუ თანხმოვანი, რომლის წარმოთქმისას ერთმანეთს მიბჯენილი სახმო სიმები გზას უღობავენ ფილტვებიდან მომდინარე ჰაერნაკადს. თვით ეს ბგერა კი ამოსუნთქვის გარეშე, ჰაერის მხოლოდ იმ მარაგით წარმოითქმება, რომელიც სახმო სიმების ზევით, პირის ღრუშია მოქცეული. ამგვარი წარმოების გამო ამ თანხმოვნებს ხორხს ზედა ექსპირაციულებს, გლოტოკლუზივებს ან ყელხშულებსაც უწოდებენ, აკუსტიკური ეფექტის მიხედვით კი – მკვეთრებს. სახელწოდება აბრუპტივი ხაზს უსვამს მათი წარმოთქმის სისწრაფეს, „მოწყვეტით“ წარმოთქმას. სალიტერატურო ქართულში ექვსი აბრუპტივია: ჰ, ტ, კ, წ, ჭ, ყ. საპირისპირო მჟღერ და ყრუ ფშვინმიერ ბგერებთან ერთად ისინი ქმნიან თანხმოვანთა სამეულებს.
აბრუპტივის არსებობა ქართული, ქართველური და ზოგი კავკასიური ენის (მთის იბერიულ-კავკასიური ენების, აგრეთვე სომხურის, ოსურის…) ბგერითი წყობის არსებით თავისებურებად იყო მიჩნეული. აბრუპტივები სხვა ენებშიც დასტურდება (ჩრდ. აფრიკის, ამერიკის). აბრუპტივებს აღადგენენ პრაინდოევროპულისთვისაც (თ. გამყრელიძე, ვ. ივანოვი).
ზოგჯერ აბრუპტივად ითვლება არა მხოლოდ ბაგეებთან თუ პირის ღრუში ნაწარმოები თანხმოვანი, არამედ თვით სახმო სიმებში მათი ხშვასკდომით მიღებული ბგერა ან ბგერის ელემენტი. ასეთია, მაგ. მეგრულში თანხმოვანი ჸ (ჸუდე) ან მისი მსგავსი ჟღერადობის მქონე ხმოვნის დასაწყისი გერმ., სიტყვათა თავკიდურ პოზიციაში (ე. წ. ხმოვნის მაგარი შემართვა: 'aber. 'unter).
ზ. ჯაფარიძე
ლიტერატურა
ახვლედიანი გ., ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ., I949;