სოჭელი ქართველების მეტყველება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:52, 21 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოჭელი ქართველების მეტყველება – იმ ქართველთა მეტყველება, რომლებიც 1863–64 რუსეთის მთავრობის მიერ მკვიდრი მოსახლეობის თურქეთში მასიურად გადასახლების შემდეგ შავიზღვისპირეთის დაცარიელებული ტერიტორიების ასათვისებლად სოჭის მიდამოებში ჩაასახლეს.

1875-ის ბოლოსათვის სოჭში ქართველთა გადასახლების პროცესი უკეე დაწყებული იყო (გაზ. „დროება“, 1875 წლის დეკ). მთავრობა ამ პროცესის წახალისებას ცდილობდა: შავი ზღვის სანაპიროზე ჩასახლებულები 10-15 წლით თავისუფლდებოდნენ გადასახადებისაგან. ქართველებმა დიდი როლი შეასრულეს სოჭის და მისი შემოგარენის ათვისება-აღორძინების საქმეში.

სოჭის რეგიონში საცხოვრებლად გადადიოდნენ დასავლეთ საქართველოს – ლეჩხუმის, იმერეთის, რაჭის, სამეგრელოს – მკვიდრნი. მიზეზი ქვეყნის ამ ნაწილში არსებული უკიდურესი მცირემიწიანობა იყო. ლეჩხუმელთა ძირითადი ნაწილი გადაასახლეს სოფლებიდან: ალჰანა, აჭარა (სოფ. ლეჩხუმში), ორხევი, დერჩი, ორბელი, ნასპერი, ლაჯანა, ზოგიში (ალავიძე, ბურჯალიანი, თუთისანი, კვანტალიანი, ლეფსვერიძე, ლეშკაშელი, მამარდაშვილი, სვანიძე, სილაგაძე, უჩაძე, ფრუიძე, შკუბულიანი, ცხვედიანი, ჩაკვეტაძე, ჩხეტიანი, ჭოხონელიძე); რაჭველები – ღებიდან, ზნაკვიდან, ქედის უბნიდან (არჩვაძე, გავაშელიძე, გოცირიძე, გურგენიძე, კენჭაძე, კობახიძე, ლობჟანიძე, მაისურაძე, მეტრეველი, მიქაუტაძე, რეხვიაშვილი, შტააძე, ცუცქირიძე, ჭელიძე, ჭიჭინაძე…); იმერლები – ოკრიბიდან (ტყიბულის რ-ნი), საირმიდან (გვანცელაძე, გოგოლაძე, ზვიადაძე, ინწკირველი, კეთილაძე, კუბლაშვილი, კუტალაძე, ლორთქიფანიძე, მიქაძე, ქასრაშვილი, ცირეკიძე, ძიძიგური, ჭიპაძე, ჯიბლაძე…; მეგრელები – ზუგდიდის მაზრიდან, სენაკიდან (ბარკალაია, ბახია, ბჟალავა, გაბელაია, გვათუა, გვასალია, გუგუშვილი, დარჯანია, დიხამინჯია, დონდუა, თოფურია, კინტრაია, ქორქია, შანგუა, შუშანია, ჩიტაია, ცხაკაია, ძიგუა, ჭელია, ჯანაშია, ჯელია…).

1897 მხოლოდ პლასტუნკაში ცხოვრობდა 97 ქართველი ოჯახი, რომელთაც ეჭირათ 3000 დესეტინა მიწა. 1887 სოჭელ ქართველებს თავიანთი ხარჯით ხის ეკლესიაც აუგიათ და უკურთხებიათ კიდეც, 1897-თვის კი წმინდა ნინოს სახელზე აგებულ ამ ეკლესიას ქართველი მღვდელიც ჰყავდა. 1921 სოჭელ ქართველთა ინიციატივით იქ გაიხსნა ქართული სკოლა. არსებობს ცნობა, რომ პლასტუნკაში დაწყებითი სკოლა ჯერ კიდეე მეფის ხელისუფლების დროს გაუხსნია მიქაუტაძეს. სოჭის ახალშექმნილ ქართულ სკოლას სათავეში ჩაუდგა ამ მხარეში ცნობილი მოღვაწე ქალი, წარმოშობით სენაკელი (სოფ. ბერთემიდან) ო. წითლიძე. 1927 დაწყებითი სკოლა საშუალოდ გადაკეთდა. იგი იმთავითვე ქართული კულტურის კერად იქცა. მასთან მოეწყო კლუბი, სასადილო და ინტერნატი ჩამოსული მოსწავლეებისათვის.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები