ანაკლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ანაკლია – ამ სახელწოდებით საქართველოში ორი პუნქტია ცნობილი: ერთი შავი ზღვის ნავსადგურია (მდებარეობს მდ. ენგურის შესართავთან), მეორე – ცნობილი ისტორიული სოფელია სამეგრელოში (ზუგდიდის რ.).

ხალხური ტრადიციული გადმოცემით ტოპონიმი ანაკლია (მეგრ. ანარკია) წარმოქმნილა იმ ავბედით დროს, როცა სამეგრელო და მთელი შავი ზღვისპირეთი თურქ დამპყრობლებს ჰქონიათ მოთარეშებული. ხალხში გავრცელებული გადმოცემის მიხედვით ერთხელ სამეგრელოს უამრავი მტერი დასცემია. წაუყვანიათ დიდძალი ტყვე, დაუტაცნიათ მთელი სიმდიდრე, ოქრო-ვერცხლი. ერთ-ერთ სოფელში თურქებს თურმე ერთი ქალიშვილი მოწონებიათ, მაგრამ გამწარებულ დედას ქალიშვილი არ დაუნებებია. მაშინ თურქებს დედისათვის პირმშო მკერდიდან ძალით აუგლეჯიათ და გაქცეულან. საბრალო დედას კივილი აუტეხია, ხალხს თურმე საშველად უხმობდა. ყვირილზე ვიღაცას უთქვამს· ანა რკიანს („დედა კივის“). მას შემდეგ იმ სოფლისათვის, სადაც ასეთი შემზარავი ამბავი მომხდარა, ანარკიანს შეურქმევიათ, რომელიც თანდათანობით ანაკლიად გადაკეთებულა. ეს ხალხური ვერსია (დედა კივის – „ანა რკიანს") იმდენად პოპულარულია, რომ დღესაც კი იგი ბევრს სარწმუნოდ ეჩვენება. ამ მხრივ საინტერესოა რ. დვალიშვილის წერილი „ბედი ქართლისა“, რომელშიც ნათქვამია: „ბაკურის ციხესთან მოთარეშე არ იყო მოლეული, ანაკლიასთან დედა მიჰკიოდა გასაყიდად მკერდს მოგლეჯილ შვილს...“

ხალხის ცხოველ მეხსიერებას შემორჩენია კიდევ ერთი საინტერესო გადმოცემა: „ყოფილან სამი ძმები. ცხოვრობენ სიამით, მარა ცოლების სიტყვაზე მოსვლიენ ჩხუბი და ამიზა გაშორებულან ერთიმეორეს. წასულარიენ საცხოვრებლად ზოგი-სით და ზოგი-სით. აი ადგილი მოწონებიენ. დასახლებულა სულ უნცროსი ძმაი. ის ორი ძმა კიდო სხვაგან არიენ. ცხოვრობენ საკუთრად. ერთხელ უმფროსს და შვათანას უთქმია, რო ნავხოთ ერთი, რას შობა აი უმცროსი ძამიეო. მიდიენ, მიდიენ და კარ მიადგენ ზედ სამუშიელში. რაგა ხარ, რაგალი საცხოვრებელია, როგორ მოეწყვეო? უმცროს ძმას უთხრობია, რომეო, ღვთის ბოძებული ადგილია, აფერი სიკეთე არ აკლიაო. დოუთქვამთ მას უკანი არაკლია. აი სახელი თანდათან ანაკლიად გადაკეთებულა“, – მოგვითხრობს გადმოცემა.

ცნობილი ქართველი პოეტის ტიციან ტაბიძის მიხედვით ანაკლია წარმომდგარი ყოფილა ბერძნული ახალშენის „ჰერაკლეას“ სახელისაგან.

ჩვენი სახელოვანი ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი ანაკლიას ანაკრია ფორმით მოიხსენიებს: „ანაკრიას აღაშენეს ოსმალთა ციხე... აწცა უპყრავთ მათვე“. ვახუშტი იქვე შენიშნავს, ოსმალებმა რუხის ციხე შემუსრეს და ამ ციხის ქვით „ანაკრია აღაშენეს უმტკიცესადო“. ვახუშტის მიერ მოწოდებული ეს ცნობა (რუხის ძველი ციხის დანგრევა და მისივე ნაშალი ქვით ახალი ციხის აგება) შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ტოპონიმ ანაკლიის სწორად გააზრების თვალსაზრისით; რამდენადაც ანაკლია, ჩვენი ფიქრით, წარმომდგარი უნდა იყოს თურქ. jänikale ფორმისაგან, რაც ქართულად ახალ ციხესიმაგრეს ნიშნავს: jäni („ახალი“) და kale („ციხე-სიმაგრე“). თავდაცვითი ნაგებობის სახელად თურქ. Еникле („ახალი ციხე“) ყირიმშიც (ქერჩი) არის დადასტურებული“.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები