ღამბაშიძე როგნედა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:09, 28 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
როგნედა ღამბაშიძე

როგნედა ღამბაშიძე − (დ. 14 იანვარი 1922, ზესტაფონი, – გ. 27 აპრილი 1993, თბილისი), ენათმეცნიერი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1988).

დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტი (1946). 1946-5323 მუშაობდა თბილისის , ა.ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ჯერ უფროს მასწავლებლად, შემდეგ – კათედრის გამგედ. 1955-იდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებას.

ღამბაშიძის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და დიალექტოლოგიური საკითხების კვლევას ეხება.

ტერმინოლოგიის სფეროში მუშაობა ღამბაშიძემ სამი მიმართულებით წარმართა:
1. ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის ჩამოყალიბების ისტორიის კვლევა და განვითარების გზების განსაზღვრა;
2. სამეცნიერო ტერმინოლოგიის თეორიულ საკითხებზე მუშაობა, ტერმინოლოგიის დამუშავების ძირითადი ლინგვისტურ-მეთოდოლოგიური პრინციპების დადგენა და
3. ტერმინოლოგიის პრაქტიკულ საკითხებზე მუშაობა.

ღამბაშიძის მიერ გაწეული სატერმინოლოგიო მუშაობა, პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია ტერმინოლოგიური ლექსიკონების შესადგენი მეთოდოლოგიის შემუშავების თვალსაზრისით. ეს ვრცელი და რთული სამუშაო ძირითადად ორ საფეხურად იყოფოდა: პირველი გულისხმობდა სამეცნიერო დისციპლინებში გამოყენებული ცნებების გამოვლენას, მათ ზუსტ დეფინიციასა და მათი გამომხატველი ტერმინების ფიქსირებას ამა თუ იმ დარგის ფარგლებში; მეორე საფეხური წმინდა ლინგვისტურ ასპექტებს მოიცავდა და ენათმეცნიერის ფუნქციებს განსაზღვრავდა.

ღამბაშიძისთვის იმთავითვე ნათელი იყო, რომ ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის ლექსიკური ბაზისა და ძირითადი წყაროების, – თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენის, ძველი ქართულისა და ქართული ენის დიალექტების, – როლი ტერმინოლოგიზაციის პროცესებში, ტერმინთა მიგრაციასთან დაკავშირებული ენობრივი მოვლენები, უცხო ენებიდან ტერმინთა სესხების გზები და ტრადიციები – ის საკითხები იყო, რომელთა გადაჭრასაც ტერმინოლოგიური მუშაობის სპეციფიკა განსაზღვრავდა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ღამბაშიძის ლექსიკოლოგიური შრომები, რომლებშიც ახსნილია ტერმინოლოგიური ლექსიკონის სპეციფიკა სხვა ტიპის ლექსიკონებთან შედარებით: იქვე მითითებულია არასასურველი სიჭრელის დაძლევის ცდები ერთი ტერმინოლოგიური სისტემის ფარგლებში და დასახულია პერსპექტივა ქართული სალიტერატურო ენის განვითარების შინაგანი ტენდენციების გათვალისწინებით.

ღამბაშიძის მონოგრაფია „ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები“ (1986) – პრობლემატიკის მოცულობითა და მრავალფეროვნებით, კონკრეტული საკითხების ფართო ასპექტითა და ღრმა ანალიზით – გადაუჭარბებლად შეიძლება ჩაითვალოს საეტაპო ნაშრომად. ესაა პირველი მონოგრაფიული გამოკვლევა, რომელიც ეძღვნება ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის თეორიისა და პრაქტიკის ძირითად საკითხებს. მასში ვრცლად არის დამუშავებული ტერმინოლოგიური სიტყვაწარმოების საკითხები, ინვენტარიზებულია ტერმინოლოგიის ძირითადი ენობრივი საშუალებანი და ხერხები. ნაშრომში არსებითია ის, რომ სალიტერატურო ენის ბაზაზე აღმოცენებული და მასთან საერთო არხებით დაკავშირებული ტერმინოლოგია სცილდება ამ ენის განვითარების ტრადიციულ გზებს და დამოუკიდებელ ადგილს იკავებს სალიტერატურო ენის სტრუქტურულ სისტემაში.

მნიშვნელოვანია ღამბაშიძის საკუთრივ ლექსიკოგრაფიული პრაქტიკა. დღემდე გამოცემული 70-მდე ტერმინოლოგიური ლექსიკონის უმრავლესობა მისი რედაქციითაა მომზადებული.

სრულიად განსაკუთრებულია ღამბაშიძის ღვაწლი ქართული დიალექტოლოგიაში. მან რამდენიმე ნაშრომი უძღვნა ინგილოურის თავისებურებათა ანალიზს. მისი წიგნი „ქართული ენის ინგილოური კილო. გრამატიკული მიმოხილვა და ლექსიკონი“ (1949) მნიშვნელოვანი ნაშრომია იმ თვალსაზრისითაც, რომ მასში ასახულია ენობრივი მოვლენები, რომლებიც დამოუკიდებლად იჩენს თავს სხვა ქართული დიალექტებშიც.

ღამბაშიძე იყო გ. ნიკოლაძისა და არნ. ჩიქობავას სახელობის პრემიების ლაურეატი.

ი. ჯიბუტი

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები