ჟინვალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:33, 12 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟინვალი – ისტორიული სოფელი არაგვის ხეობაში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით სოფელი ჟინვალი ძველი სამოსახლოდან აიყარა და ორ ახალ პუნქტად დასახლდა.

ტოპონიმი ჟინვალი არაგვის ხეობის ერთ-ერთი უძველესი გეოგრაფიული სახელია. როგორც აქ ჩატარებულმა არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ ცხადყო, ჟინვალის ტერიტორიაზე მოსახლეობა უკვე მკვიდრობს ძვ.წ. V-IV საუკუნეებიდან. თვითონ სახელწოდება ჟინვალი (ჟინოვანი) ქართულ საისტორიო წყაროებში შუა საუკუნეებიდან (XI-XII ს.ს.) ჩნდება. ამ ცნობების მიხედვით ჟინოვანი არაგვის ხეობის დასახლებულ პუნქტებს შორის ერთ-ერთი დაწინაურებული და ძლიერი ციხე-ქალაქი ყოფილა: „ხოლო ჟინვანი არს შავისა და თეთრის არაგვის შესაკრებელს შორის ციხე შენი და მაგარი და იყო ქალაქი და აწ უქმ არის.“ ჟინვალს თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერება-აყვავებისათვი” XI-XIII საუკუნეებში მიუღწევია. იგი განადგურდა თემურ-ლენგის შემოსევის დროს. ამის შემდეგ ქალაქი ფეხზე ვეღარ დამდგარა და პატარა სოფლად (ნაქალაქრად) ქცეულა. XV საუკუნიდან არაგვის ხეობაში აღმავლობას იწყებს ანანური.

როგორია სახელწოდება ჟინვალის წარმოშობის ისტორია, რა უდევს საფუძვლად ამ უძველეს ქართულ ტოპონიმს? შუა საუკუნეებისდროინდელ ქართულ საისტორიო წყაროებში ჟინვალი სხვადასხვაგვარად არის წარმოდგენილი. იგი მოხსენიებულია როგორც ჟინოვანი || ჟინოანი და ჟინვანი || ჟილვანი. კერძოდ, ამირსპასალარ ჭიაბერის მიერ შიომღვიმისადმი მიცემულ შეწირულების სიგელში (1189-1192) ნათქვამია: „ჩემსა ჟინოვ(ა)ნისა ქონებასა შინა ვჰკადრე და მოვახსენე ღმრთის სწორსა მეფეთა მეფესა თამარს მიხითარაის ძენი დავითის შვილნი: ოქროი და მახარაი, ბრაჭი და იოვანე მათითა სახლითა და მამულითა ნასყიდითა და უსყიდელითა“.

„დავით მეფემ (დიმიტრი თავდადებულის შვილი, იგივე დავით VIII გ.მბ.) უბოძა გრიგოლ ქარმაულ ჭაჭნაისშვილს შუანის ხევს ჟინოვანის შესავალი ლაუშა“ და სხვ.

თუ სახელწოდება ჟინოვანს შედგენილობის თვალსაზრისით განვიხილავთ, დავინახავთ, რომ, ტოპონიმის საყრდენი ძირია ჟინ-, რომელსაც -ოვან- სუფიქსი დართვია: ჟინ-ოვან-ი. ყველა დანარჩენი დაწერილობა ამ ტოპონიმისა (ჟინოანი, ჟინვანი, ჟილვანი) ჟინოვანის სახეცვლილი ფორმებია.

ისიც ცნობილია, რომ -ოვან- სუფიქსი უპირატესად მცენარეული საფარის აღმნიშვნელ ტოპონიმებში გვხვდება: ვაშლ-ოვან-ი, მუხრ-ოვან-ი რცხილ-ოვან-იი… თხილ-ოვან-ი ი (მ)სხლ-ოვან-ი, თელ-ოვან-ი, ნარ-ოვან-ი… -ოვან- სუფიქსი -იან- და -ნარ- სუფიქსთა ფარდი ელემენტია, ამიტომაც არის, რომ ამ სუფიქსით წარმოქმნილი ტოპონიმები ქართულში საკმაოდ ბევრია: წაბლ-იან-ი, შვინდ-იან-ი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები