ლიხაური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:24, 26 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიხაური

ლიხაური – ცნობილი სოფელია საქართველოში, გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლიხაური, ნიაბაური, აჭი, კვაჭალათი). გაშენებულია მდინარე აჭისწყლის ხეობაში, ნაბადას მთის ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 120 მ, ოზურგეთიდან 5 კმ.

სახელწოდება

აქ, ამ სოფელში დაიბადა დიდი ქართველი მეცნიერი, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, უწმიდესი და უთვალსაჩინოესი მამულიშვილი ექვთიმე თაყაიშვილი (1862-1953 წ.). მშობლიური სოფლის სახელწოდების ეტიმოლოგიით ექვთ. თაყაიშვილი ჯერ კიდევ 1900-იან წლებში დაინტერესებულა. არსებითია, რომ მკვლევარი ლიხაურის ნაცვლად ლეხაურ ფორმას ანიჭებდა უპირატესობას, ხოლო ამ უკანასკნელს სიტყვა რეხს უკავშირებდა: „აჭისწყალი რომ რეხს აყრის ნაპირებს, ამიტომ შეიძლებოდა ამ სოფელს რეხოული-ლეხაური დარქმეოდაო“ მართლაც ლიხაურის ეკლესიის სამრეკლოს თარიღიან წარწერაში (1422 წ.) სოფლის სახელად რეხოელი იკითხება. ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ აქ მცირე გრაფიკულ უზუსტობასთან შეიძლება გვქონდეს საქმე და რეხოელის ნაცვლად რეხო-ულ-ი წავიკითხოთ? საქმე ისაა, რომ გურიის ისტორიული ტოპონიმიკისათვის წარმომავლობის -ელ- სუფიქსი ცნობილი არაა, -ურ-||-ულ- სუფიქსი კი ძალზე ნიშანდობლივია (შდრ: ნიაბა-ურ-ი, სილა-ურ-ი, ბოხვა-ურ-ი…). ასეა თუ ისე, სოფლის სახელწოდებისათვის ამოსავალი ჩანს სიტყვა რეხ-ი, რომლის ძირითადი მნიშვნელობა ადგილის ქვიანობას, კლდიანობას უკავშირდება. ექვთ. თაყაიშვილის მიხედვითაც რეხი მდინარის მოტანილი ქვა-ქვიშის, ხრეშის, წვრილი ქვის სახელი ყოფილა. რეხოულ- სიტყვას შემდგომ ფონეტიკურად მოსალოდნელი ფორმა ლეხოური მოუცია, აქედან კი ხმოვნის დავიწროების შედეგად ლეხოურ-ს ლიხოური||ლიხაურ-ი წარმოუქმნია, მაშასადამე დღევანდელი ლიხაური||ლეხაური წარმომდგარი ყოფილა რეხ- სიტყვისაგან. ნიშნავს: „ქვა-ღორღიანი ადგილი“.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები