ოლნის დოქტრინა
„ოლნის დოქტრინა“ – ექსპანსიონისტური დოქტრინა, რომელიც საფუძვლად დაედო აშშ-ის საგარეო-პოლიტიკურ კურსს დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნების მიმართ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე. ჩამოყალიბებული იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რ. ოლნის ნოტაში 20.VII.1895, რომელიც გაეგზავნა დიდი ბრიტანეთის მთავრობას ე.წ. ვენესუელის კონფლიქტთან 1895-96 დაკავშირებით (სასაზღვრო დავა ვენესუელას და ბრიტანეთის გვიანას შორის). ნოტაში აისახა აშშ-ის მისწრაფება, გამოედევნა ინგლისი და სხვა ევროპული სახელმწიფოები ამერიკის კონტინენტიდან და დაემყარებინა იქ ჰეგემონია. ნებისმიერი ევროპული კონტროლი ამერიკის ტერიტორიაზე, წერდა ოლნი, „წარმოადგენს აბსურდს და უაზრობას“. „ოლნის დოქტრინა” მიმართული იყო არა მხოლოდ ევროპული ქვეყნების, არამედ ფაქტობრივად ლათინური ამერიკის ქვეყნების წინააღმდეგ, რაც გარკვევით აჩვენა კუბის ოკუპაციამ, რომელიც განახორციელა აშშ-მა ესპანეთთან დადებული პარიზის საზავო ხელშეკრულებებით XVIII-XIX სს. „ოლნის დოქტრინა“ წარმოადგენდა პანამერიკანიზმის იდეოლოგიის განვითარების ერთ-ერთ ეტაპს.