პოლიანოვკის საზავო ხელშეკრულება 1634
პოლიანოვკის საზავო ხელშეკრულება– (რუსეთსა და „რეჩ პოსპოლიტას“ შორის), დაიდო 4 (14).VI სოფ. სემლევოში მდინარე პოლიანოვკაზე (ეიაზმასა და დოროგობუჟს შორის), დაასრულა რუსეთ-პოლონეთის ომი 1632-34.
ომის დროს რუსეთმა ვერ მიაღწია სმოლენსკის, ჩერნიგოვისა და სხვა რუსული მიწების დაბრუნებას, რომელიც მას ჩამოაცილეს დეულინოს დაზავებით 1618. ომი წარუმატებელი იყო „რეჩ პოსპოლიტასათვის“, რომელმაც დიდი დანაკარგები განიცადა. გარდა ამისა, „რეჩ პოსპოლიტას“ ემუქრებოდა თურქეთიდან შეჭრის საშიშროება. ასეთ პირობებში „რეჩ პოსპოლიტა“ და რუსეთი დათანხმდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომელიც დაიწყო 1634.
ხელშეკრულების თანახმად, „რეჩ პოსპოლიტამ“ რუსეთს გადასცა ქ. სერპეისკი სასაზღვრო ოლქებითურთ; მეფე ვლადისლავ IV-მ უარი თქვა მეფის ტიტულზე – მოსკოვის ხელმწიფის მიხეილ თედორეს ძის სასარგებლოდ (ამის სანაცვლოდ რუსეთი დაჰპირდა მას 20 ათასი რუბლის გადახდას), ხელშეკრულების დადება რუსეთისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო (რეჩ პოსპოლიტასგან მან მიაღწია მთელ რიგ დათმობებს, კერძოდ, ტიტულის საკითხში), ამის შემდეგ ორ ქვეყანას შორის დამყარებულმა მშვიდობიანმა ურთიერთობამ, რომელიც ორი ათეული წლის მანძილზე გრძელდებოდა, საშუალება მისცა რუსეთს, ყურადღება გაემახვილებინა გადაუდებელი საშინაო პოლიტიკური პრობლემების გადაჭრაზე.