აზიმუტური პროექციები
აზიმუტური პროექციები – (azimuthal projections), კარტოგრაფიული პროექციების ჯგუფი კარტოგრაფიული ბადის აგების ხერხის მიხედვით. ელიფსოიდური ან სფერული ზედაპირის სიბრტყეზე გამოსახვის მათემატიკური ხერხი.
კარტოგრაფიული ბადის ასაგებად გამოიყენება დამხმარე გეომეტრიული ზედაპირი – სიბრტყე. იგი სფეროს ეხება პოლუსზე, ეკვატორზე ან მათ შორის რომელიმე წერტილზე. დამხმარე ზედაპირის სფეროსადმი განლაგების მიხედვით არის პოლარული ანუ ნორმალური (φ=90°), ეკვატორული ანუ განივი (φ=0°) და ჰორიზონტული ანუ ირიბი (90°>φ>0°) პროექციები. დაუმახინჯებელია სიგრძეები, კუთხეები ან ფართობები.
პოლარული აზიმუტური პროექციები გამოიყენება პოლარული ქვეყნებისთვის, განივი და ირიბი აზიმუტური პროექციები კი – დედამიწის ნახევარსფეროების, მთვარის და სხვა პლანეტების რუკებისთვის. გაერო-ს ემბლემისთვის გამოყენებულია ფრანგი მათემატიკოსის გ. პოსტელის (1510-1581) აზიმუტური ტოლშორისული პროექცია, სადაც პარალელები ჩრდილოეთ პოლუსის გარშემო შემოხაზული კონცენტრული წრეებია, მერიდიანები კი ამ წრეების საერთო ცენტრიდან გავლებული რადიუსები (ჩრდილოეთი პოლუსიდან რადიალურად გავლებული მერიდიანების გასწორებული რკალები). რუკის მთავარი მასშტაბი შენარჩუნებულია მერიდიანებზე, რის გამოც პროექცია ტოლშორისულია ამ მიმართულებით