კონუსური პროექციები
კონუსური პროექციები – (conical projections), კარტოგრაფიული პროექციების ჯგუფი კარტოგრაფიული ბადის აგების ხერხის მიხედვით, ელიფსოიდური ან სფერული ზედაპირის სიბრტყეზე გამოსახვის მათემატიკური ხერხი. რუკის მათემატიკური საფუძვლის – კარტოგრაფიული ბადის ასაგებად გამოიყენება დამხმარე გეომეტრიული სხეული – კონუსი, რომელზეც უნდა გაიშალოს ელიფსოიდური ან სფერული ზედაპირი. არის – მხები (კონუსი ეხება სფეროს) და მკვეთი (კონუსი კვეთს სფეროს) პროექციები. კონუსის ღერძისა და სფეროს ღერძის ერთმანეთის მიმართ მდგომარეობით განასხვავებენ სწორ, ირიბ და განივ პროექციებს. სწორ კონუსურ პროექციაში მერიდიანები დედამიწის პოლუსებიდან გამომავალი სწორი ხაზებია, ხოლო პარალელები – ეკვატორის პარალელური კონცენტრული წრეების რკალები. მხებ კონუსურ პროექციაში დაუმახინჯებელია მხები პარალელი, მკვეთ კონუსურ პროექციაში – კვეთის ორი პარალელი. გამოიყენება პარალელის გასწვრივ განფენილი ქვეყნების რუკების შესადგენად. პირველი კონუსური პროექცია ააგო ბერძენმა ასტრონომმა ჰიპარქემ ძვ.წ-ის II საუკუნეში. ეს პროექცია შემდეგ გააუმჯობესა პტოლემემ (II ს.). იგი დღესაც ცნობილია, როგორც მარტივი ტოლშორისული კონუსური პროექცია, რომელიც გამოყენებული იყო საქართველოს რუკების მათემატიკურ საფუძვლად.