ქარცი ყანჩა
ქარცი ყანჩა (ლათ. Ardea purpurea Linnaeus), 1766 — ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახისა. დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 325-400 მმ-ია, ნისკარტი – 115-145 მმ, წონა – 1250 გ-მდე. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა, მაგრამ წაგრძელებული ბუმბულები კეფასა და ზურგზე დედლებს რამდენადმე ნაკლებად აქვთ განვითარებული. თავი და კისერი ზემოდან, ზოლები კისრის გვერდებზე, ჩიჩახვსა და მკერდზე, ლაქები კისრის ქვემო მხარეს და მუცლის შუა ნაწილი შავია. სხეულის ზურგის მხარე, კუდი, ფრთების მფარავების დიდი ნაწილი, გვერდები და იღლია ასპიდურ-რუხი ფერისაა. თავის გვერდების წინა ნაწილი, ყელი და ლაქები კუდქვეშა ბუმბულებზე თეთრია. თავის გვერდების უკანა ნაწილი, კისრის ქვემო მხარე და გვერდები, აგრეთვე ზოლები ჩიჩახვზე ქარცია. მხრების წაგრძელებული ბუმბულები, მკერდისა და მუცლის გვერდითი ნაწილები მუქი ქარცია. ნისკარტი მოყვითალო-მურაა, ფეხები – მუქი მურა. შუა თითი გალოზე გრძელია.
ცნობილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება დასავლური ქარცი ყანჩა – A. p. purpurea Linn., 1766.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: ევროპაში – სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთს, პირენეის ნახევარკუნძულს, ჰოლანდიას, იტალიას, ავსტრიას, უნგრეთს, ბალკანეთს, სსრ კავშირში ევროპული ნაწილის სამხრეთ ზოლს 52-ე პარალელამდე, ყირიმსა და ამიერკავკასიას; მთელ აფრიკას (საჰარის გარდა), მადაგასკარს; აზიაში – მცირე აზიას, მესოპოტამიას, შუა აზიას, ირანს, ინდოეთს, ბირმას, ცეილონს, ზღვისპირეთამდე, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთს, მანჯურიას, იაპონიას, ფილიპინისა და დიდი ზონდის კუნძულებს. ჩრდილოეთი რაიონებიდან გადამფრენია. იზამთრებს ევროპისა და აზიის სამხრეთ რაიონებში და აფრიკაში. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის პერიოდებში.
ბიოტოპი
ტბებისა თუ მდინარეების სანაპირო ჭაობები და ჭალები. ნაირგვარი მცენარეულობით, მაგრამ თავს არიდებს ტყიან ადგილებს და უპირატესობას ანიჭებს ნახევრად ღია ლანდშაფტს.
გამრავლება
ბუდობს კოლონიებად, ზოგჯერ გვხვდება განცალკევებულ წყვილებადაც იკეთებს საკმაოდ მარტივ ბუდეს ლელის ღეროების ნამტვრევებისაგან, დატბორილ ხეზე ან ლელქაშში; მაისის პირველ ნახევარში დებს 2-6 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 28 დღეს გრძელდება. ახალგაზრდა ფრინველები ფრენის უნარს იძენენ 2 თვის ასაკში.
კვება
მართვეებს კვებავს ნაირგვარი წვრილი თევზით, რომელიც მშობლებს მოაქვთ საკმაოდ მრავლად. ბუდის მახლობლად ნაპოვნია ღორჯო, კობრი, 16-17 სმ სიგრძის ლოქო და სხვა თევზი. ჭამს სხვა ცხოველებსაც − ბაყაყებსა და მათ თავკომბალებს, მწერებს და სხვ.
მნიშვნელობა
თევზის მეურნეობას ზიანს აყენებს. სხვა შემთხვევაში პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.