ბრენდი
ბრენდი – (ინგლ. brandy), ალკოჰოლური სასმელი.
სიტყვა ბრენდი წარმოიშვა ინგლისური სიტყვა burnt wine, გერმანული branntwein ან ჰოლანდიური branwin-გან, რაც ნიშნავს „გამოხდილ ღვინოს“. დღესდღეობით, ამ სახელწოდების ქვეშ იგულისხმება მაღალალკოჰოლიანი სასმელი, რომელიც მიიღება ყურძნის ან ხილ-კენკროვანი ღვინოების გამოხდით. ბრენდი იწარმოება კონიაკისა და არმანიაკის მსგავსად, მაგრამ მისი წარმოება არ არის რეგლამენტებული და ამიტომ სასმელი ხშირად არ პასუხობს ხარისხის მაღალ მოთხოვნებს.
ხშირად ბრენდის ბოთლის ეტიკეტზე ვხვდებით აღნიშვნებს, რომლებიც ნასესხებია კონიაკის ტერმინოლოგიიდან, მაგალითად, VS, VSOP, Napoleon და ა.შ. მათ არა აქვთ არანაირი შინაარსობრივი დატვირთვა და ემსახურება მხოლოდ ეტიკეტის სილამაზეს. თუ ბრენდის მოსამზადებლად გამოყენებულია რაიმე ხილი, მაშინ ეტიკეტზე შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა წარწერა, მაგალითად Cherry Brandy (ალუბლის ბრენდი), Apricot Brandy (გარგარის ბრენდი) და სხვ. ყურძნის სპირტზე დამზადებული ბრენდის ეტიკეტზე გვხვდება წარწერა Laine. თუ ღვინის სპირტის გარდა მასში შედის სპირტის რექტიფიკატი, მაშინ აუცილებელია მისი აღნიშვნა.
ბრენდის ცნობილი მარკებია: იტალიური ფირმა Bouton და Stock 84 მიღებულია ყურძნის ღვინის გამოხდით, ესპანური ბრენდებიდან ცნობილია Ribero და Ferreira, ბერძნული ბრენდის ყველაზე გავრცელებული მარკაა Metaxa, რომელიც მიიღება სხვადასხვა ჯიშის ყურძნის გამოხდით. ხშირად ფერისა და არომატისათვის იყენებენ კოლერს.