არმანიაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არმანიაკი

არმანიაკი – (ფრანგ. Armagnac), ალკოჰოლური სასმელი ბრენდის სახეობა. საფრანგეთში წარმოებულ ბრენდებს შორის კონიაკს კონკურენცია შეუძლია გაუწიოს მხოლოდ არმანიაკმა.

არმანიაკის წარმოშობის შესახებ პირველი ცნობები მოიპოვება XV საუკუნეში, ხოლო პირველი რეალიზაცია თარიღდება 1411 წლით. კამათი არმანიაკის და კონიაკის საერთო ღირსებებზე დღესაც მიმდინარეობს, რაც მოგვაგონებს მუდმივ შეჯიბრს ბურგუნდიისა და ბორდოს ღვინოებს შორის. არმანიაკი იწარმოება სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთის ისტორიულ გასკოინის პროვინციაში, ჟერის (Gers), ლანდის (landes) და ლა-გარონის (Lot-et-Garonne) დეპარტამენტების დელიმიტირებულ ზონებში. გამოყოფენ ოთხ აპალასიონს, ერთ რეგიონალურ – armagnac (არმანიაკი) და სამ სუბრეგიონალურს:
Bas Armagnac (ქვედა არმანიაკი) – ეს არის არმანიაკის წარმოებისათვის საუკეთესო ზონა. იგი შეიძლება შეედაროს კონიაკის წარმოებისათვის განკუთვნილ „გრანდ შამპანის“ ზონას;
Armagnac Tenareze – ტენარეზე;
Haut Armagnac (ზემო არმანიაკი).

ისევე როგორც კონიაკში, არმანიაკში ჭარბობს Ugni Blanc ჯიშის ყურძენი (დაახლოებით 75%), თუმცა გარკვეული რაოდენობით სხვა ჯიშის ყურძენიცაა წარმოდგენილი (Colombard, Folle Blanch, BACO 22A). არმანიაკის წარმოების ტექნოლოგია ჰგავს კონიაკის წარმოების ტექნოლოგიას. სხვაობა მხოლოდ გამოხდის პროცესშია. დაძველება ხდება კონიაკის მსგავსად, თანმიმდევრობით რამდენიმე ახალ და შემდეგ ძველ მუხის კასრებში, რათა არმანიაკი არ შეიცავდეს ბევრ ტანინს. მის დასაძველებლად უკეთესია ადგილობრივი შავი მუხის კასრები. სავსე კასრები ინახება ადგილობრივი ქვით ნაშენ სარდაფებში იატაკზე. დაძველების, აორთქლებისა და კუპაჟირების პროცესები მიმდინარეობს კონიაკის მსგავსად, მაგრამ იმ სხვაობით, რომ არმანიაკის დაძველება შეიძლება არა უმეტეს 40 წლისა. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ არმანიაკი გადააქვთ შუშის ჭურჭლებში ან ბოთლებში, სადაც მისი დაძველება მთავრდება და არმანიაკი ინარჩუნებს მისთვის დამახასიათებელ სასიამოვნო არომატს.

კონიაკის ძირითადი მახასიათებელი თვისებაა მისი მუდმივობა, არმანიაკის ცვალებადობა. მაგალითად, სხვადასხვა წლებში ერთი და იმავე მწარმოებლის მიერ დამზადებული არმანიაკი განსხვავდება გემოთი და არომატით. კარგი არმანიაკი ხასიათდება არომატის მრავალფეროვნებით. მათ შორის ყველაზე ტიპურია შვიდი მათგანი: ტყის თხილი, ატმის, ცაცხვის, ვანილის, შავი ქლიავის, იის და წიწაკის არომატით. არმანიაკის შესახებ ფრანგები ამბობენ: „ჩვენ კონიაკი მივეცით მთელ მსოფლიოს, არმანიაკი კი ჩვენთვის დავიტოვეთო“.

არმანიაკის სახეობებია:

  • ***/VS – წლოვანება არანაკლებ 1,5 წელი;
  • VO/VSOP/Reserve – წლოვანება არანაკლებ 4,5 წელი;
  • Napoleon/Extra/Vieille Reserve/Hors d age/XO – წლოვანება არანაკლებ 5,5 წელი.

არმანიაკის სხვადასხვა მარკებია: Chabot, Baron de Sigognac, Blason d or, Cles des Ducs, Marquis de Montesquieu, Janneau, Samalens, Gerland, Lafontan, Saint- Vivien, Marquis de Cuassade, Larresingle.


იხილე აგრეთვე

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება

წყარო

მსოფლიოს ხალხთა სასმელები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები