კონიაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონიაკი

კონიაკი – COGNAC, ქარვისფერი, მაგარი ალკოჰოლურ სასმელი, რომელიც ხასიათდება რთული არომატით, ვანილის ტონებით და ჰარმონიული გემოთი.

კონიაკი მიიღება მშრალი ღვინომასალის ორჯერადი გამოხდით და გამონახადის, ანუ საკონიაკე სპირტის მუხის კასრებში დაძველებით. პირველად კონიაკი მიღებულ იქნა საფრანგეთში, შარანტის დეპარტამენტში ქ. კონიაკში 1701 წელს, საიდანაც წარმოდგება მისი სახელი.

ქალაქი კონიაკი, რომელიც მდებარეობს ბორდოს მახლობლად მდინარე შარანტზე, შუა საუკუნეების მიწურულს მსხვილი სავაჭრო ცენტრი გახდა. ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა იყო მევენახეობა და, უპირატესად, თეთრი ღვინოების დამზადება. ეს ღვინოები დიდი პოპულარობით სარგებლობდა XV-XVI საუკუნეებში ფლამანდრიელ და ჰოლანდიელ ვაჭრებს შორის, რომლებიც ყიდულობდნენ და შემდეგ ყიდდნენ ღვინოებს სხვა ქვეყნებში. ევროპის გარეთ ღვინის გატანის დროს, რაც რამდენიმე თვე გრძელდებოდა, ჰოლანდიელებმა აღმოაჩინეს, რომ ღვინო ცუდად უძლებდა ტემპერატურულ ცვალებადობას. ამის გამო ჰოლანდიელებმა გადაწყვიტეს, გამოეყენებინათ მანამდე უკვე ცნობილი, ღვინოში ალკოჰოლის გაზრდა-გამოხდის მეთოდი, რის შედეგადაც მიიღეს ალკოჰოლური სასმელი „ბრენდი“, რომელიც წარმოდგება ჰოლანდიური სიტყვა – Branwin-სგან, რაც ნიშნავს გამოხდილ ღვინოს. ეს სპირტიანი სასმელი გადაჰქონდათ მუხის კასრებით, რომელსაც ადგილზე ჩასვლისას უმატებდნენ წყალს და ასეთი წესით კვლავ „ღვინოს“ იღებდნენ. ხშირი ომების გამო, რაც ვაჭრობას არასტაბილურს ხდიდა, გასაყიდად გამიზნული ბრენდი ხშირად რამდენიმე წლის განმავლობაში ყოვნდებოდა მუხის კასრებში, რომლის გასინჯვის შედეგად გამოვლინდა კონიაკის თვისებები. შემცირდა სასმელის სიმაგრე, სამაგიეროდ არომატი უფრო გაჯერებული გახდა, შეიცვალა ფერი და გემო. ახალი სასმელი ხასიათდებოდა უფრო ნაზი, სრულყოფილი გემოთი, არომატით, რის გამოც მალე პოპულარული გახდა და მიიღო სახელწოდება „კონიაკი“.


კონიაკი ეწოდება ბრენდს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ყურძენი, რომლისგანაც ღვინომასალა მზადდება, უნდა იყოს მოყვანილი ქ. კონიაკის გარშემო მდებარე რეგიონში;
კონიაკის მოსამზადებლად გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თეთრი ყურძნის გარკვეული ჯიშები, კერძოდ Ugni Blanc, Folle Blanche, Colombard, Semillion და სხვ;
სასმელის დამზადების დროს, მწარმოებელმა უნდა დაიცვას მეღვინეობის რეგლამენტებული წესები;
სასმელის მომზადებისას გათვალისწინებული უნდა იყოს გარკვეული ტექნოლოგიური ოპერაციები, მათ შორის „შარანტის“ აპარატზე ორმაგი გამოხდა, რომელიც უნდა დაიწყოს არა უგვიანეს 15 ნოემბერს, დასრულდეს არა უგვიანეს მომდევნო წლის 31 მარტს და დაძველდეს მუხის კასრებში არა ნაკლებ 30 თვე;
სასმელის ფერის გასაუმჯობესებლად გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ კარამელიზებული შაქარი ანუ კოლერი, ან მუხის ბურბუშელაზე დაყოვნებული წყალ-სპირტიანი ნაყენი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სასმელის საერთო რაოდენობის 2%-ს; სასმელის სიმაგრე უნდა იყოს არანაკლებ 40 მოც%;
დაყოვნების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, სასმელი უნდა განეკუთვნებოდეს გარკვეულ კატეგორიას.

კონიაკის სახეობები:

ერთ *-დან 5 ვარსკვლავიანამდე (VS - Very Special - De Luxe – Selection) მიეკუთვნება სპეციალური უმაღლესი ხარისხის საკოლექციო კონიაკს, რომლის წლოვანება არანაკლებ 2,5 წელია, უმაღლესი (Superior) – 5 ***** და მეტი წლოვანება არანაკლებ 3,5 წელი;
VSOP-Very Special Old Pale - Vieux - VSO - VVS - Rare - Reserve – სპეციალური ძალიან ძველი, რომლის წლოვანება არანაკლებ 4,5 წელი;
VWSOP - Grand Reserve – ხანგრძლივი დაყოვნების კონიაკი. წლოვანება არანაკლებ 5,5 წელი;
Napoleon - XO/Extra Old - Extra - Royal - Or - Tres Vieux - Vieille Reserve – ძალიან ძველი ექსტრა სამეფო, აგრეთვე კონიაკი, რომლის სახელწოდებაში მოხსენიებულია რომელიმე ისტორიული პირის სახელი, ან ეტიკეტზე აღნიშნულია ბოთლის პერსონალური ნომერი, წლოვანება არანაკლებ 6,5 წელია.

კონიაკი განსხვავდება ადგილმდებარეობის წარმოშობის მიხედვით, რაც აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული ეტიკეტზე. წარწერა Grande Sham- pagne მიუთითებს იმაზე, რომ ყურძენი ამ კონიაკისთვის და თვითონ კონიაკი წარმოებულია მხოლოდ გრანდ-შამპანში. განმარტება Fine Shampagne მიუთითებს იმაზე, რომ კონიაკი დამზადებული იყო გრანდ-შამპანში და პეტიტ-შამპანში გაშენებული ყურძნის ჯიშისაგან. ამავე დროს, გრანდ-შამპანში გაშენებული ყურძნის რაოდენობა არ უნდა იყოს 50%-ზე ნაკლები. სხვა მიწის ნაკვეთებზე გაშენებული ყურძნიდან მიღებული კონიაკის გარკვეული წესით მარკირება არ ხდება.


იხილე აგრეთვე

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება

წყარო

მსოფლიოს ხალხთა სასმელები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები