ცაცხვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცაცხვი

ცაცხვი – (Tilia caucasica Rupr. = Tilia rubra subsp. Caucasica [Rupr.] V. Engl.);
ოჯახი: ცაცხვისებრნი (Tiliaceae).
მეგრულად – ცხაცხუ, ცაცხუ, ცხაცხვი.

40 მ სიმაღლის ხეა. მისი ნორჩი ტოტები შიშველია ან შებუსული, მოწითალო. ფოთლის ყუნწები შიშველია. ფოთლები უხეშია, ფორმით მომრგვალო-კვერცხისებური. ქვედა მხარე მწვანეა, შიშველი ან მცირედ შებუსული, კიდეებზე ბასრხერხკბილა. ყვავილედი 12-25 ყვავილისგან შედგება. გვირგვინი ყვითელია. ყვ. VI-VII; ნაყ. VIII-IX. მცენარე იზრდება ტყეებში, ხეობებში, ცალკეური ინდივიდების ან პატარა ჯგუფების სახით.

არსებობს ცაცხვის 40-მდე სახეობა. გავრცელებულია ჩრდილო ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპიკულ ზონებში. განსაკუთრებით ბევრი სახეობაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ნაკლები – ევროპის, ამერიკისა და აზიის ზომიერ სარტყლებში. უყვარს თბილი და ტენიანი გარემო, ამიტომ ყველაზე კარგად ხარობს დასავლეთ ამიერკავკასიაში, შორეული აღმოსავლეთის სამხრეთში. ადვილად მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. ევრაზიის კონტინენტზე გავრცელებული ჯიშებიდან ცნობილია შემდეგი სახეობები: ამერიკული, ამურის, ჩინური, წვრილფოთლოვანი, მსხვილფოთლოვანი, ჰენრი, იაპონური, მანჯურიის, მაქსიმოვიჩის, მექსიკური, მონღოლური, დასავლური, ოლივერის, ბრტყელფოთოლა, ციმბირის, ტუანი და სხვ.

გარეგნულად ცაცხვი მეტად ლამაზი ხეა, ამიტომ მას ხშირად იყენებენ დეკორატიული დანიშნულებით ბაღების, სკვერების, ქუჩების, მაგისტრალების დასამშვენებლად. ტანის დიამეტრი 2-3 მეტრია, ზოგჯერ 5 მ-საც კი აღწევს. ცოცხლობს 300-400 წელიწადს. ჭრა იწყება, როცა წლოვანება აღწევს 90 წელს.

ცაცხვის მერქანს თეთრი ან მოწითალო-მოთეთრო ფერი აქვს. ის ადვილად იჭრება, ირანდება და იპობა. საქართველოში მსხვილი ცაცხვის მორებისაგან (დიამეტრით 1,5-2 მ) აკეთებენ საწნახელს, სასოფლო-სამეურნეო და საოჯახო ინსტრუმენტებს და ნაკეთობებს. ის შესანიშნავი მასალაა ფანერის, სახაზავი დაფების, ავეჯის, ფეხსაცმლის ხუნდების სექტორების, ხის კასრების, მუსიკალური ინსტრუმენტების, ევროპული სავაგონე ლამფის დასამზადებლად. ცაცხვის ფოთლებს, ქერქს, ლაფანს წარმატებით იყენებენ სააფთიაქო მრეწველობაში, აგრეთვე ალკოჰოლური სასმელების წარმოების ტექნოლოგიაში. ცაცხვი უძველესი დროიდან მოიხმარებოდა ჩუქურთმებიანი ნაკეთობებისა და დეტალების შესაქმნელად, რადგან ადვილი დასამუშავებელია და თანაც ქათქათა თეთრი ფერის მერქანი აქვს. მეფის რუსეთის არსებობის პერიოდში არამზადები ცაცხვის მერქნისაგან ამზადებდნენ სამეფო (სათავადაზნაურო) ბეჭდის ასლებს, საიდანაც წარმოიშვა და გავრცელდა ფრთიანი გამოთქმა „ყალბი ბეჭედი” („Липовая печать”, ანუ უბრალოდ "липа" – ყალბი).

ცაცხვის მერქნის მახასიათებლები

  • ცაცხვის საშუალო სიმკვრივე – 490-530 კგ/მ3;
  • სიმკვრივის ზღვრები – 320-600 კგ/მ3;
  • სიმტკიცე ღუნვაზე – 90-106 მპა;
  • სიმტკიცე კუმშვაზე – 44-52 მპა;
  • სიმტკიცის ზღვარი – 85 მპა;
  • გრძივი შეკლება – 0,3%;
  • რადიალური შეკლება – 5,5%;
  • ტანგენციალური შეკლება – 9,1%;
  • გაჯირჯვება რადიალური – 0,15-0,23%;
  • გაჯირჯვება ტანგენციალური – 0,24-0,32%.

ცაცხვი – სამკურნალო მცენარე

იზრდება ტყეებსა და ტყის პირებზე, ხეობებში, მთის შუა სარტყლამდე. თაფლოვანი, დეკორატიული და სამკურნალო მცენარეა. მედიცინაში გამოიყენება ცაცხვის ყვავილები, თანაყვავილედის ფოთლებთან ერთად. შეიცავს: ეთერზეთებს, ფლავონურ გლიკოზიდს ჰესპერიდინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინებს, ლორწოს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას.

ხასიათდება ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, სიცხისდამწევი, სპაზმოლიტური, სისხლის შედედების გამაძლიერებელი, ნერვული სისტემის დამამშვიდებელი, შარდმდენი, ოფლმდენი, ნაღველმდენი, კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედებით. იყენებენ პირის ღრუსა და ხახის გამოსავლებად ანთებითი პროცესებისა და ანგინის დროს; მას უნიშნავენ ზედა სასუნთქი გზების მწვავე დაავადებების, ბრონქიტის, ნიკრისის ქარბის, პიელონეფრიტის, ცისტიტის, კრუნჩხვების, ეპილეპსიის, ბრონქიალური ასთმის, ბუასილის, კუჭის სპაზმის სამკურნალოდ.

ხალხურ მედიცინაში ყვავილების ნაყენი ან ნახარში ცნობილია როგორც ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი საშუალება; გამოიყენება ნერვული სისტემის გადაჭარბებული აღგზნებულობის, კრუნჩხვების, მკერდისა და მუცლის ტკივილების, უძილობის, როგორც ოფლმდენი და სიცხის დამწევი საშუალება. ჩაის დალევას ურჩევენ თირკმელების, ღვიძლისა და ჰიპერტონიული დაავადებებით შეპყრობილ ადამიანებს.

ცაცხვი საუკეთესო თაფლოვანი მცენარეა, ნექტარის ხარისხითა და მოსავლიანობით მას ბადალი არ მოეძებნება.

ცაცხვის გამოყენებისას მნიშვნელოვანია სწორი დოზირება. ნაყენებისა და ნახარშების ზედმეტი გამოყენება ზრდის გულსა და თირკმელებზე დატვირთვას (შარდმდენი და ოფლმდენი თვისებებიდან გამომდინარე) და შეიძლება გამოიწვიოს ამ დაავადებების გართულება. სიფრთხილე მართებთ იმათაც, ვისაც დაბალი აქვთ სისხლის შედედების უნარი


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები