ზღვის დიდი თოლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:23, 1 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზღვის დიდი თოლია (ლათ. Larus marinus Linnaeus, 1758) − ფრინველი თოლიასნაირთა რიგიდან.

ზღვის დიდი თოლია დიდი ზომისაა, ფრთა 420-550 მმ-ია, ნისკარტი — 55-75 მმ, წონა — 1500-2250 გ. მამალი რამდენადმე დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა, მაგრამ დამახასიათებელია ასაკობრივი პოლიმორფიზმი. ზრდასრულ ფრინველს ზაფხულში თავი და კისერი ზემოდან, კუდის ზემო მფარავები, საჭის ბუმბულები და სხეულის მთელი ქვემო მხარე თეთრი აქვს. ზურგისა და მხრების ბუმბულები, აგრეთვე ფრთების ზემო მფარავები თითქმის შავია. ასევე შავია პირველი რიგის მომქნევებიც, მაგრამ წვეროში აქვთ თეთრი ლაქები; მუქი ფერის მეორე რიგის მომქნევებს წვეროები თეთრი აქვთ. ნისკარტი ყვითელია, მაგრამ ქვედა ყბაზე წითელი ლაქაა ფეხები ხორცისფერია. ზამთარში თავსა და კისერზე არის გასწვრივი მორუხო ლაქები. ახალგაზრდა ფრინველებს თავი და კისერი ზემოდან მოთეთრო აქვთ, მუქი გასწვრივი შტრიხებით; ზურგის მხარე მოწაბლისფრო-რუხია, ფართო მოთეთრო და ჟანგმიწისფერი არშიებით და წინწკლებით. სხეულის ქვემო მხარე თეთრია, მურა ფერის წინწკლებით; საჭის ბუმბულები თეთრია — მოშავო ლაქებითა და შავი წვეროებით. ნისკარტი მოშავოა, მოთეთრო წვეროთი; ფეხები მკრთალი ხორცისფერია.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს დასავლეთი ევროპისა და ჩრდილოეთი ამერიკის ატლანტის ოკეანის სანაპიროებს, აგრეთვე ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებს. გამრავლების შემდეგ ინაცვლებს უფრო სამხრეთით და ზამთარში აღწევს შავ და კასპიის ზღვებამდე. საქართველოში მცირე რაოდენობით გვხვდება შავ ზღვაზე, როგორც მოზამთრე ფრინველი.

ბიოტოპი

გამრავლების პერიოდში ეტანება ზღვების, ზოგჯერ ტბების კლდოვან ნაპირებს. სხვა დროს მოიპოვება საერთოდ ზღვების სანაპირო ზოლში, იშვიათად ზღვებიდან დაშორებულ მტკნარ წყალსატევებზეც.

გამრავლება

ბუდობს კოლონიებად. ბუდეს იკეთებს ხმელი ბალახისაგან კლდოვან ქარაფებზე, ზოგჯერ ტბების მახლობელ მაღლობებზეც. ბუდე ჩვეულებრივად ამოფენილია ბუმბულით, ხოლო კიდეებზე კენჭები და ნიჟარები აქვს შემოწყობილი. მაისის ბოლოს დებს 3 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 29-30 დღემდე გრძელდება. ახალგაზრდა ფრინველები ფრენის უნარს იძენენ 45 დღის ასაკში.

კვება

პოლიფაგი ფრინველია, მაგრამ მთავარი საკვები მაინც თევზია. ჭამს ფრინველების კვერცხებს, ბარტყებს, ზოგჯერ მოზრდილ ფრინველებსაც, ლემინგებს, მძორს და ნაირგვარ ნარჩენებს, აგრეთვე კიბოსნაირებს, ზღვის ზღარბებს, იშვიათად მწერებს, ხშირად კენკრასაც.

მნიშვნელობა

დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები