ჩვეულებრივი თოლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:11, 2 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩვეულებრივი თოლია (ლათ. Larus ridibundus Linnaeus, 1766) − ფრინველი თოლიასნაირთა რიგიდან.

ჩვეულებრივი თოლია მომცრო ზომისაა, ფრთა 285-340 მმ-ია, ნისკარტი – 30-40 მმ, წონა – 240-400 გ. მამალი რამდენადმე დიდია დედალზე, ხოლო შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზაფხულში ზრდასრული ფრინველის თავი და კისრის თავის მოსაზღვრე ნაწილი ყავისფერია. თვალის უკანა კიდეზე ნახევარწრედ შემოვლებულია ვიწრო თეთრი ზოლი. ზურგისა და მხრების ბუმბულები მკრთალი მოცისფრო-რუხია. ყველაზე გრძელი მომქნევი თეთრია, მაგრამ წვერო და შიგნითა კიდე შავი აქვს. სხვა მომქნევები რუხია. ბუმბულსაფარველის დანარჩენი ნაწილი თეთრია. ნისკარტი და ფეხები – წითელი. ზამთარში თავიც თეთრია. მაგრამ თვალების წინ და ყურებზე მოწაბლისფრო წინწკლებია. ახალგაზრდებს თავი, ზურგი და მხრები ჟანგმიწისფერ-მურა აქვთ, ფრთების მფარავები – მოცისფრო, მომქნევები – შავი, თეთრი ლაქებით, საჭის ბუმბულები – თეთრი, შავი ბოლოებით.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს ევროპასა და აზიას ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან ოხოტის ზღვამდე, აგრეთვე კამჩატკასა და სახალინს. ჩრდილოეთი საზღვარი გადის სამხრეთ სკანდინავიასა და კარელიაზე, ლადოგისა და ონეგის ტბებზე, ურალზე მე-60, ხოლო მდ. ობზე 66-ე პარალელებზე. სამხრეთით მოიპოვება მთელ ევროპაში, კავკასიაში, ამუდარიის დაბლობზე, ბაიკალის ტბაზე, მანჯურიაში. ზამთრობს ევროპისა და აფრიკის დასავლეთ სანაპიროებზე, ხმელთაშუა და შავ ზღვებზე და მთელ სამხრეთ აზიაში. აღმოსავლეთ საქართველოში ცნობილია მობუდარი, ხოლო დასავლეთ საქართველოში – მოზამთრე ფრინველის სახით.

ბიოტოპი

გამრავლების დროს ეტანება დამდგარ წყალსატევებს ან მდორე მდინარეებს, რომელთა ნაპირებზე უხვადაა წყლის მცენარეულობა. ზღვების სანაპიროებზე იშვიათად ბუდობს. მიმოფრენის დროს და ზამთარში მოიპოვება როგორც შიდა წყალსატევებზე, ისე ზღვის სანაპიროებზე.

გამრავლება

სქესობრივ სიმწიფეს აღწევს მეტწილად 2 წლის, ზოგიერთი ეგზემპლარი – ერთი წლის ასაკში. ბუდობა კოლონიურია. ბუდეს აკეთებს ორივე სქესის ფრინველი. აპრილის პირველ ნახევარში დებს 2-3 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი, ხოლო მამალს მოაქვს საკვები. საინკუბაციო პერიოდი 23 დღეს გრძელდება.

კვება

ჩვეულებრივი თოლიას საკვებს შეადგენენ წვრილი თევზები, თაგვისებური მღრღნელები, ბაყაყები, მწერები, მოლუსკები, ჭიები და სხვა პატარა ზომის ცხოველები.

მნიშვნელობა

სოფლის მეურნეობის მავნებლების განადგურებით მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები