შავთავა თოლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:37, 2 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შავთავა თოლია (ლათ. Larus melanocephalus Temminck, 1820) − ფრინველი თოლიასნაირთა რიგიდან.

შავთავა თოლია საშუალო სიდიდისაა, ფრთა 280-330 მმ-ია, ნისკარტი – 30-40 მმ, წონა – 300-450 გ. მამალი ცოტათი დიდია დედალზე. შეფერილობით სქესთა შორის განსხვავება არაა. ზაფხულში ზრდასრული ფრინველის თავი ელვარე შავია; თვალების ზემოთ და ქვემოთ პატარა თეთრი წინწკლებია. ზურგი და მხრების ბუმბულები ღია მოცისფრო-რუხია; მომქნევები თეთრია, მხოლოდ პირველ მომქნევს გარეთა კიდე შავი აქვს. დანარჩენი ბუმბულსაფარველი თეთრია. ნისკარტი წითელია, მაგრამ წვეროს ქვემო ნაწილში მურა ფერის ზოლი აქვს შემოვლებული. ფეხები წითელია. ზამთარში თავი თეთრია, მცირე რაოდენობის შავი წინწკლებით. ახალგაზრდა ფრინველები ზემო მხრიდან მურაა, მაგრამ ბუმბულებს აქვთ მოჟანგმიწისფრო-მოთეთრო არშიები. კუდი თეთრია, წვეროში შავი ზოლით. მომქნევები შავია, გასწვრივი თეთრი ლაქებით, ნისკარტი შავია.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს საბერძნეთს, მცირე აზიას და შავი ზღვის სანაპიროებს უკრაინაში, მათ შორის ყირიმში. ზამთრობით მოიპოვება ხმელთაშუა ზღვაზე, ბისკაის ყურეში, შავ და აზოვის ზღვებზე. საქართველოში ცნობილია როგორც მოზამთრე ფრინველი.

ბიოტოპი

გამრავლების დროს ეტანება ბალახნარებით დაფარულ ტენიან ადგილებს ზღვის სანაპიროების მახლობლად. მიგრაციის დროს და ზამთარში მოიპოვება ზღვების სანაპირო ზოლში.

გამრავლება

ბუდობს კოლონიებად. ბუდეს აკეთებს ბალახებისაგან. მაისის ბოლოს დებს 2-3 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა.

კვება

ძირითად საკვებს შეადგენენ წვრილი თევზები, ზღვის ნაირგვარი უხერხემლოები, აგრეთვე ნახნავებსა და ნათესებში მრავლად ანადგურებს მავნე მწერებს, მაგალითად, მდელოს ფარვანას.

მნიშვნელობა

მავნე მწერების განადგურებით სარგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები