ველის კაკაჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:10, 3 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ველის კაკაჩა

ველის კაკაჩა (ლათ. Buteo rufinus Cretzschmar, 1826) – ფრინველი ქორისებრთა ოჯახიდან. მოზრდილი ზომის მტაცებელი ფრინველია, ფრთა 420-525 მმ-ია, კუდი – 230-270 მმ, წონა – 950-1550 გ. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობით მამალი არ განსხვავდება დედლისაგან, მაგრამ არსებობს ინდივიდუალური ვარიაციები. უფრო ხშირად გვხვდება ღია შეფერილობის ინდივიდები. მათი სხეულის ზედა მხარე ღია მურა ფერისაა, ბუმბულებზე მოქარცისფრო არშიებითა და ლაქებით. თავი, კისერი და მკერდი, ხშირად მუცელიც მოთეთროა, მუქი შტრიხებით. ფრთები მოშავო-მურაა, წვივის წაგრძელებული ბუმბულები (საჩერნე) – ყავისფერი, კუდი – თეთრი ან ქარცი, განივი ზოლებით ან უამისოდ. უფრო იშვიათია ყავისფერი ეგზემპლარები, რომლებიც თითქმის ერთფეროვანია, კუდზე რუხის ზოლებით. ბოლოს, ყველაზე იშვიათია ქარცი შეფერილობის ინდივიდები — მურა შტრიხებითა და ლაქებით, ძირში თეთრი, ხოლო ბოლოში აგურისფერი კუდით. ახალგაზრდებს მუცელზე და კუდზე არა აქვთ განივი ზოლები. ნისკარტი შავია, ცვილანა და ფეხები — ყვითელი. გალო ორჯერ გრძელია შუა თითზე (უბრჭყალოდ). გალოს ზემო მესამედი შემოსილია, ხოლო წინიდან და უკანიდან დაფარულია ფართო განივი ფარებით.

აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება აღმოსავლური ველის კაკაჩა — B. r.- rufinus Cretz., 1826.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ჩრდილოეთ აფრიკას, სამხრეთ ევროპას (საბერძნეთი, კავკასია, იმიერვოლგეთი), მცირე აზიას, არაბეთის ჩრდილოეთ ნაწილს, ირანს, ავღანეთს, ბელუჯისტანს, ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, შუა აზიას, ყაზახეთს და მონგოლეთს. ზამთარს ატარებს ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, შუა აზიაში, ირანში, მონგოლეთში, ინდოეთში. საქართველოში მოიპოვება ზამთრობით. ერთეული ეგზემპლარები შეიძლება ბუდობდეს კიდეც აღმოსავლეთ საქართველოს ველებში.

ბიოტოპი

ბინადრობს მშრალ, ღია ლანდშაფტში. ყველაზე უფრო ტიპობრივია ნახევარუდაბნოები, აგრეთვე უდაბნოები, ველები მთებსა და დაბლობებში. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ-მდე ზ. დ.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს კლდეებზე, ფლატეებზე, ხრამების კედლებში, ზოგჯერ ხეზე (მთებში) და ბუჩქებზედაც (უდაბნოებში). აპრილის პირველ რიცხვებში დებს 2-5 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 40 დღეს გრძელდება.

კვება

ველის კაკაჩას საკვებს შეადგენენ უმთავრესად მღრღნელები და სხვა პატარა ზომის ძუძუმწოვრები. ჭამს ქვეწარმავლებს, ამფიბიებს, ზოგჯერ ახალგამოჩეკილ ფრინველებსაც.

მნიშვნელობა

ერთ-ერთი მეტად სასარგებლო მტაცებელი ფრინველია თავისი კვების ხასიათის მიხედვით. სადაც ეს ფრინველი რიცხვმრავალია, დიდი სარგებლობა მოაქვს მავნე მღრღნელების მასობრივად განადგურებით.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები