მცირე მეთოვლია
მცირე მეთოვლია (ლათ. Sterna albifrons Pallas, 1764) − ფრინველი თოლიასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − თოლიასნაირნი (Lariformes)
- ოჯახი − თოლიასებრნი (Laridae)
- გვარი − მეთოვლია (Sterna)
მცირე მეთოვლია ყველაზე პატარა ფრინველია თოლიასნაირთა შორის, ფრთა 165-190 მმ-ია, ნისკარტი – 27-32 მმ, წონა – 43-47 გ. სიდიდესა და შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზაფხულში ზრდასრული ფრინველის შუბლი და სხეულის მუცლის მხარე მთლიანად თეთრია; თავი ზემოდან და კეფა – შავი. კისრის უკანა ნაწილი, ზურგი, მხრების, ფრთებისა და კუდის ზემო მფარავები და საჭის შუა ორი წყვილი ბუმბული ნათელი მოცისფრო-რუხია. საჭის დანარჩენი ბუმბულები თეთრია. პირველი რიგის მეორე და მესამე მომქნევის გარეთა მარაოები, ღეპეპები და შიგნითა მარაოების ღეპეპების მოსაზღვრე ზოლები შავია. ნისკარტი ყვითელია, შავი ბოლოთი, ხოლო ფეხები – ყვითელი. ზამთარში სითეთრე შუბლიდან თხემის წინა ნაწილზეც გადადის. ნისკარტი შავდება, კეფა და კისრის უკანა ნაწილი მკრთალი მურა ხდება, გასწვრივი თეთრი ლაქებით.
აღწერილია 10-მდე ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი მცირე მეთოვლია – S. a. albifrons Pallas, 1764.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მეტად ვრცელი და ამასთან სპორადულია. იგი მოიცავს შუა და სამხრეთ ევროპას, აზიის ზომიერსა და სამხრეთ ნაწილებს, ინდო-ავსტრალიის არქიპელაგს, ავსტრალიას, აფრიკას და ჩრდილო-ამერიკის სამხრეთ ნაწილს. ევროპიდან და აზიის ზომიერი სარტყლიდან გადამფრენია, ხოლო სამხრეთში – მობინადრე. საქართველოში ცნობილია როგორც მიმომფრენი ფრინველი.
ბიოტოპი
ბინადრობს მცენარეულობით ღარიბ, ზღვებისა და შიდა წყალსატევების გაშლილ, ქვიშიან-კენჭოვან, ხშირად ნიჟარებით მოფენილ სანაპიროებზე. ბუდობის ადგილების ამორჩევის დროს მნიშვნელობა აქვს აგრეთვე წყლის გამჭირვალობას და წვრილი თევზების საკმაო რაოდენობით არსებობას.
გამრავლება
ბუდობს როგორც ცალკეულ წყვილებად, ისე კოლონიებად, წყალსატევების მცირედ დაქანებულ ქვიშიან-კენჭოვან ნაპირებზე. ბუდე პატარა ორმოა, მცირე რაოდენობით ხმელი ბალახის ამონაფენით. მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში დებს 2-3 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 20-22 დღეს გრძელდება.
კვება
ძირითადი საკვებია პატარა ზომის თევზები, ხოლო მცირე რაოდენობით – ნაირგვარი უხერხემლოები – მწერები, კიბოსნაირები, მოლუსკები და სხვ. თევზებს იჭერს ჩაყვინთვით.
მნიშვნელობა
პრაქტიკულად ინდიფერენტულია.