ჭრელნისკარტა მეთოვლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:51, 7 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭრელნისკარტა მეთოვლია (ლათ. Sterna sandvicensis Latham, 1787) − ფრინველი თოლიასნაირთა რიგიდან.

ჭრელნისკარტა მეთოვლია მეთოვლიებს შორის ყველაზე დიდი ფრინველია, ფრთა 285-325 მმ-ია, ნისკარტი – 50-60 მმ, წონა – 180-310 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არ შეიმჩნევა. თავი ზემოდან ელვარე შავია, მოლურჯო-მომწვანო მეტალური ელვარებით. სხეულის დანარჩენი ნაწილის შეფერილობაში ჭარბობს თეთრი ფერი, მხოლოდ მკერდსა და მუცელზე ხშირად მოვარდისფრო ელფერი დაჰკრავს; მანტია მეტად მკრთალი მოცისფრო-ნაცრისფერია; მომქნევები ოდნავ მუქია. შედარებით მოგრძო ნისკარტი ძირში შავია, ხოლო წვეროს ნახევარში – ყვითელი. ფეხები შავია. გამრავლების პერიოდში კეფაზე შავი ბუმბულები წაგრძელებულია. გამრავლების შემდეგ თავის წინა ნაწილში გამოერევა თეთრი ბუმბულები, მაგრამ თხემზე რჩება შავი შტრიხები, ხოლო კეფაზე მოშავო ბუმბულებს უჩნდებათ თეთრი არშიები. ახალგაზრდებს თავი ზემოდან მორუხო-შავი აქვთ, თეთრი და ჟანგმიწისფერი ლაქებით.

ცნობილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ჭრელნისკარტა მეთოვლია – S. s. sandvicensis Lath., 1787.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის არეალი სპორადულია. იგი მოიცავს ევროპაში – ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებს, აგრეთვე ბრიტანეთის კუნძულებს, ჩრდილოეთ გერმანიასა და სამხრეთ შვეციას, შავ და აზოვის ზღვების სანაპიროებს; აზიაში არის კასპიის ზღვაზე; აფრიკაში – ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე; ჩრდილოეთი ამერიკის სამხრეთ ხაწილსა და ცენტრალურ ამერიკაში. ზამთრობს აფრიკასა და ჰინდუსტანში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი შავი ზღვის სანაპიროებზე.

ბიოტოპი

საბინადროდ ეტანება ზღვების ქვიშიანსა და კენჭოვან სანაპიროებს, ღარიბი მცენარეული საფარით. შიდა წყალსატევებზე გვხვდება იშვიათად და უპირატესობას ანიჭებს მლაშე ტბებს.

გამრავლება

ბუდობს მეტწილად კოლონიებად. ბუდე წარმოადგენს უბრალო ჩაღრმავებას ქვიშნარში. მაისის ბოლო რიცხვებში დებს 1-2 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 22-23 დღეს გრძელდება.

კვება

საკვებ რაციონში დიდი ადგილი უჭირავს თევზებს, რომელთაც თავს ესხმის ფრენიდან და იჭერს ჩაყვინთვით. გარდა ამისა, ჭამს მწერებს, მოლუსკებს, კიბოსნაირებს, ჭიებს და სხვა უხერხემლოებს.

მნიშვნელობა

მცირერიცხოვნობის გამო პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები