თეთრმუცელა გვრიტჩიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:05, 7 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეთრმუცელა გვრიტჩიტა (ლათ. Pterocles alchata Linnaeus, 1766) − ფრინველი გვრიტჩიტასნაირთა რიგიდან.

თეთრმუცელა გვრიტჩიტა საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 190-215 მმ-ია, ნისკარტი – 10-14 მმ, წონა – 225-250 გ. მამალი რამდენადმე დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. ზაფხულში მამალს თავი ზემოდან მოწაბლისფრო აქვს; შუბლი, ზოლები თვალების ზემოთ და თავის გვერდები – მოყვითალო-ოქროსფერი; თვალების უკან ვიწრო შავი ზოლებია. ზურგი, მხრებისა და ფრთების მცირე მფარავები წენგოსფერ-მოწაბლისფროა, წვეროებთან დიდი მოყვითალო-ოქროსფერი ლაქებით. კუდის ზემო მფარავები მოყვითალოა, შავი განივი ზოლებით; ნიკაპი და ყელი შავია, ჩიჩახვი და მკერდი მოჟანგისფრო-ქარცი, წინიდან და უკანიდან შავი ზოლებით გამოყოფილი. მუცელი თეთრია. პირველი რიგის მომქნევები მოცისფროა, მურა წვეროებით და შიგნითა მარაოებით. ფრთების ზემო მოწაბლისფრო მფარავებზე ნახევარმთვარისებური ყავისფერი ლაქებია და თეთრი ზოლებითაა შემოვლებული. კუდი საფეხუროვანია. საჭის ბუმბულების შუა წყვილი წაგრძელებული და წაწვეტებულია. დედალი ზურგის მხარეს მოქარცისფრო-ყვითელია, მურა განივი ზოლებით; ბევრ ბუმბულზე მკვეთრი ყვითელი ლაქა და შავი არშია აქვს. თავის გვერდები და კისერი წინიდან და გვერდებიდან ყვითელია, ყელი – თეთრი. ჩიჩახვი მოქარცისფროა, მკერდი და მუცელი თეთრი.

აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება აღმოსავლური თეთრმუცელა გვრიტჩიტა – P. a. caudacutus Gmelin., 1774.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს პორტუგალიასა და ესპანეთს, სამხრეთ საფრანგეთს, ჩრდილოეთ აფრიკაშიმაროკოდან საჰარამდე, ანატოლიას, ამიერკავკასიას, კასპიის ზღვის აღმოსავლეთით ყაზახეთსა და თურქმენეთს, პალესტინასა და მესოპოტამიას, შუა აზიას, ავღანეთსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთს. საქართველოში შეიძლება შეგვხვ- დეს როგორც იშვიათი შემომფრენი ფრინველი (სომხეთიდან).

ბიოტოპი

ბინადრობს თიხნარიან, ღორღიან ან ქვიშნარიან უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებში, ზოგჯერ – ველებშიც. ამასთან აუცილებელია მახლობლად წყლის არსებობა და უდაბნოების ან ნახევარუდაბნოებისათვის დამახასიათებელი მცენარეული საფარი.

გამრავლება

გამრავლების პერიოდი საკმაოდ გახანგრძლივებულია, რაც დაკავშირებული უნდა იყოს წელიწადში 2-ჯერ ან განადგურებულის მაგიერ დამატებით ბუდობასთან. ბუდეს აკეთებს მიწაზე პატარა ჩაღრმავების სახით, ამონაფენის გარეშე. მაისის პირველ ნახევარში დებს 2-4 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი. საინკუბაციო პერიოდი 28 დღეს გრძელდება.

კვება

ძირითადი საკვებია მცენარეთა თესლები, ნაწილობრივ – მათი ნორჩი ყლორტები, ხოლო მწერებს საკვებ რაციონში მცირე ადგილი უჭირავს.

მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს. ზოგან ითვლება სპორტული ნადირობის ობიექტად.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები