შავმუცელა გვრიტჩიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:22, 7 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შავმუცელა გვრიტჩიტა (ლათ. Pterocles orientalis Linnaeus, 1758) − ფრინველი გვრიტჩიტასნაირთა რიგიდან.

შავმუცელა გვრიტჩიტა სიდიდით სჭარბობს თეთრმუცელა გვრიტჩიტას, ფრთა 220-255 მმ-ია, ნისკარტი – 13-15 მმ, წონა – 300-550 გ. მამალი დიდია დედალზე. სქესთა შორის განსხვავებაა შეფერილობაშიც. ზრდასრულ მამალს თავი ზემოდან, გვერდებიდან და კისრის უკანა ნაწილი მოწაბლისფრო-რუხი აქვს. ზურგის, მხრების, ფრთებისა და კუდის მფარავები მკრთალი ცვილისფერია, მაგრამ წვეროებზე აქვთ მოყვითალო ან მოჟანგისფრო ლაქები, ხოლო წვეროებს ქვემოთ მორუხო-იისფერი განივი ზოლები. მურა-მოჟანგისფრო ყელი და კისრის გვერდები, ჩიჩახვისაგან შავი ზოლითაა გამოყოფილი. ჩიჩახვის მიდამოები მორუხოა, ხოლო მკერდი ყვითელი. მუცელი და სხეულის გვერდები შავია, მომქნევები მურა-მოცისფრო, საჭის ბუმბულები მორუხო-ცისფერი, ჟანგმიწისფერი განივი ზოლებით და თეთრი წვეროებით. საჭის შუა წყვილს რუხი ბოლოები აქვთ და ოდნავ წაგრძელებულია. დედალი ზემო მხრიდან ჟანგმიწისფერია, მაგრამ მუქი გასწვრივი ზოლები აქვს თავსა და კისრის უკანა მხარეს, ხოლო განივი ზოლები – ზურგზე, მხრებსა და ფრთების ზემო მფარავებზე. ყელი მოყვითალოა და ჩიჩახვისაგან შავი ზოლითაა გამოყოფილი. ჩიჩახვი და მკერდის წინა ნაწილი მოყვითალოა, მუქი მურა ლაქებით.

აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება დასავლური შავმუცელა გვრიტჩიტა – P. o. orientalis Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს პირენეის ნახევარკუნძულს, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკას, კანარის კუნძულებს, კვიპროსს, პალესტინას, მცირე აზიას, ამიერკავკასიას, სამხრეთ იმიერვოლგისპირეთს, თურქესტანს, ირანსა და ავღანეთს. ზამთარში აღწევს მესოპოტამიამდე და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთამდე. მობინადრე, ზოგან მომთაბარეა. არეალის ჩრდილოეთი ნაწილიდან გადამფრენია. საქართველოში შეიძლება შეგვხვდეს როგორც იშვიათი შემომფრენი ფრინველი.

ბიოტოპი

უდაბნოები და ნახევარუდაბნოები როგორც ბარში, ისე პლატოებზეც – 1800 მ-მდე ზ. დ. თიხნარი გრუნტითა და ქსეროფილური მცენარეულობით.

გამრავლება

ბუდეს არ აკეთებს, კვერცხებს დებს მიწაზე ბუჩქის ქვეშ, ჩაღრმავებისა და ამონაფენის გარეშე. მაისის პირველ ნახევარში დებს ჩვეულებრივად 3 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 30 დღემდე გრძელდება.

კვება

შავმუცელა გვრიტჩიტას ძირითად საკვებს შეადგენენ ველისა და უდაბნოს მცენარეთა თესლები და ნორჩი ყლორტები. მცირე რაოდენობით ჭამს მწერებსაც. რეგულარულად სვამს წყალს, ამასთან არა მარტო მტკნარს, არამედ მლაშესაც.

მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ზოგან ითვლება ძვირფას სანადირო ობიექტად.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები