ალპ დ’იუეზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:59, 10 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალპ დ’იუეზი

ალპ დ’იუეზი – (ინგლ. Alpe d’Huez, რუს. Альп-д’Юэз), კლიმატური სამთო-სათხილამურო კურორტი საფრანგეთში, რონა-ალპების რეგიონში, იზერის დეპარტამენტში, ქ. გრენობლიდან 65,2, ხოლო ქ. ლიონიდან 150 კმ-ში, სამხრეთ აღმოსავლეთით. მდებარეობს გრანდ-რუსის მთის მასივის პლატოზე, ზღვის დონიდან 1860 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, შუა მთის ზედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -3,5°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 19,5°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 1050 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულზე (300 მმ) ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე (220 მმ). ყველაზე მშრალი თვეა ივლისი (60 მმ), ხოლო ყველაზე ნალექიანი – მაისი (110 მმ).

ალპ დ’იუეზში გვხვდება: მუხის, ნაძვისა და ფიჭვის ნარგავები. კურორტის მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია: ნაძვის, სოჭისა და ლარიქსის ტყის მასივები. აქა-იქ გვხვდება გაველიანებული მდელოები, რომელიც ლანდშაფტს ტყე-სტეპის იერს აძლევს. გვხვდება აგრეთვე მაღალი მთის ბუჩქნარი (დეკა, მთის ფიჭვის, ღვიისა და სხვა მცენარეთა გართხმული ფორმები).

ალპ დ’იუეზის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია შუა მთის ზედა სარტყლის ჰავა და აეროიონებით გაჯერებული მთის ჰაერი.

ალპ დ’იუზის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები ალპ დ’იუეზში წასასვლელად: დასვენება; ზამთარში – თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალი, ციგურაობა, ციგაობა, სეირნობა ძაღლებიანი მარხილითა და ავტომანქანით ყინულზე, სამთო ველოსპორტი და სხვ.; ფრენა პარაპლანებით, დელტაპლანებით, თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით; ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; რაქიტი; ცენტრალური ნერვული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

კურორტ ალპ დ’იუეზში (თოვლის ღვთისმშობლისა და ქალწული მარიამის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (Notre-Dame Des Neiges) (XX საუკუნის 50-იანი წლები); ვერცხლის მაღარო; სპორტისა და კონგრესების სასახლე; მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; ობსერვატორია; მუნიციპალური ბიბლიოთეკა და სხვ.), ალპ დ’იუეზის მიდამოებში (ყინულის გამოქვაბული ყინულის ქანდაკებებით, ზღვის დონიდან 2700 მ-ის სიმაღლეზე, პიკ ბლანზე; ნაციონალური პარკი „ეკრენი“ და სხვ.).

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები