ალტეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:54, 10 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალტეა

ალტეა – (ინგლ. Altea, რუს. Алтеа), ზღვისპირა კლიმატური კურორტი სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, ვალენსიის ოლქში, ალიკანტეს პროვინციაში, ქ. ბენიდორმიდან 10 კმ-ში, ჩრდილოეთით, ქ. ალიკანტედან 51 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით და ქ. ვალენსიიდან 116 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, კოსტა ბლანკას საკურორტო ზონის ჩრდილოეთ ნაწილში, სიერა-ბერნიას მთაგრეხილის ფერდობზე, ზღვის დონიდან 500 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ხმელთაშუა ზღვის, შეხამებული დაბალი მთის ჰავასთან. ზამთარი რბილია და ხანმოკლე. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 10°C. ზაფხული ცხელია, მშრალი და ხანგრძლივი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 29°C. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს 287 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის შემოდგომაზე (120 მმ), ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე (22 მმ).

კურორტის ტერიტორიაზე გავრცელებულია: ფორთოხლის ნარგავები და პალმები, კვიპაროსები და ნემსიწვერას ბუჩქები. ალტეას მიდამოებში არსებული სიერა-ბერნიას მთაგრეხილის ფერდობები დაფარულია: ფიჭვნარით, ზეთისხილის და ნუშის კორომებით, ფორთოხლისა და ლიმონის პლანტაციებით, ვენახებითა და ხეხილის ბაღებით (ვაშლი, ატამი, გარგარი).

ალტეას ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ხმელთაშუა ზღვის ჰავა, შეხამებული დაბალი მთის ჰავასთან; ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი და ზღვის წყალი.

ალტეაში ბუნებრივი ფაქტორების გამოყენების მეთოდებია თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.).

ჩვენებები ალტეაში წასასვლელად: დასვენება, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

ქ. ალტეაში (ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულის მარიამის სახელობის რომაულ-კათოლიკური ტაძარი (XIV-XVIII საუკუნეები); მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის რუსული მართლმადიდებლური ეკლესია (2003 წელი); დე ბერნიას ფორტის (XVI საუკუნე) ნანგრევები; სადარაჯო კოშკები – ტორე დე ლა ბეიიაგვარდა (XVI საუკუნე) და ტორე დე ლა გალერა (XVII საუკუნე); წმიდა ბარბარეს ციხესიმაგრე (შუა საუკუნეები);
მუზეუმები – მუსიკალური ინსტრუმენტებისა და რამონ ნავაროს სახ. სახვითი ხელოვნების; მუსიკის სასახლე; სამხატვრო გალერეა; ანტიკური ცენტრი; თევზის ბაზარი; იახტ-კლუბი და სხვ.),
ბენიდორმსა და მის მიდამოებში (ტოსალ დე კალასის იბერიული დასახლება (ძვ.წ. VII-V საუკუნეები); წმიდა ხაიმესა და წმიდა ანას სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XIV საუკუნე); XVI საუკუნის სათვალთვალო კოშკები – „ტორე მორალეს ესკალეტე“ და „ტორე პუნტა დელ კავალ ო სეგურო“; აკვაპარკები – „Aqualandia“ და „Mundomar“; ზოოპარკი „Terra Natur“a; გართობისა და დასვენების პარკი „Terra Mitica“; სეგურას ბუნებრივი პარკი; მიუზიკჰოლი „Benidorm Palace“; ცირკი და სხვ.)


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები