ალიკანტე
ალიკანტე – (ინგლ. Alicante, რუს. Аликанте), ზღვისპირა ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, კლიმატური კურორტი, ვალენსიის ოლქში, ალიკანტეს პროვინციაში, ქ. მურსიიდან 70 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით და ქ. ვალენსიიდან 126 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ალიკანტეს უბის ნაპირზე. მიეკუთვნება კოსტა-ბლანკას კურორტთა ჯგუფს. კურორტის სანაპირო ზოლის რელიეფი ვაკეა, რასაც ცვლის ბორცვიანი რელიეფი.
ჰავა – ხმელთაშუა ზღვის. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 12,6°C. ზაფხული მშრალია და თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 26,6°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 17,8°C. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 366 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის სექტემბერ-ოქტომბერზე, მინიმუმი – ივლის-აგვისტოზე.
კურორტისა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია: მარადმწვანე მუხა, იტალიური ფიჭვი-პინია, პალმების სხვადასხვა სახეობა, ოპუნციები, აგავები, ციტრუსების პლანტაციები, ვენახები, ხეხილის ბაღები (ვაშლი, ატამი, გარგარი) და სხვადასხვა ყვავილი (ყაყაჩო, ლობულარია, ქრიზანთემა და სხვ.)
ალიკანტეს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ხმელთაშუა ზღვის ჰავა, ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი და ზღვის წყალი.
ალიკანტეს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.).
ჩვენებები ალიკანტეში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
ქ. ალიკანტესა და მის მიდამოებში (მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის რომაულ-კათოლიკური საკათედრო ტაძარი (XVII საუკუნე); ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის სახელობის რომაულ-კათოლიკური ბაზილიკა (XIV-XVIII საუკუნეები) და წმიდა მართას სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XIV საუკუნე); რომაულ-კათოლიკური მონასტრები – წმიდა ვერონიკასა და იესოს წმიდა სახის სახელობის (XV-XVIII საუკუნეები), წმიდა ავგუსტინე ნეტარის სახელობის (XVIII საუკუნე) და სხვ.; წმიდა ბარბარეს ციხესიმაგრე (აშენდა ძვ.წ. IV საუკუნეში და შემდგომში არაერთხელ გადაკეთდა) და ამ ციხესიმაგრის კოშკი (XVI საუკუნე); თავდაცვითი კოშკები (Huerta de Alikante) (XV-XVIII საუკუნეები); წმიდა ფერნანდოს ციხე-დარბაზი (XIX საუკუნე); ალიკანტეს გამგეობის შენობა (XVIII საუკუნე); ქალაქ ალიკანტეს მავრიტანული ნაწილი (El baario de Santa Crus); მუზეუმები – ხელოვნების მხატვრული სახეობების, XX საუკუნის ხელოვნების (თანამედროვე ხელოვნების) La Asegurada, ჭების, ცეცხლის, კერამიკის, არქეოლოგიისა და ბელენესის; მუნიციპალური არქივი; ზღვისპირა ბულვარი და სხვ.).