გარეული მტრედი
გარეული მტრედი (ლათ. Columba livia Gmelin, 1789) − ფრინველი მტრედისნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − მტრედისნაირნი (Columbiformes)
- ოჯახი − მტრედისებრნი (Columbidae)
- გვარი − მტრედი (Columba)
გარეული მტრედი საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 200-250 მმ-ია, კუდი – 100-130 მმ, ნისკარტი – 17-22 მმ, წონა – 250-350 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობით მამალი დედლისაგან თითქმის არ განსხვავდება. საერთო შეფერილობა მუქი ცისფერია. გულმკერდის არეში და კისრის ირგვლივ ახასიათებს მეტალური ელვარება, მომწვანო ანარეკლით. მუცლის მხარე უფრო მუქია, ვიდრე ზურგის მხარე. წელის ნაწილში განივი ფართო თეთრი ზოლია, ხოლო ფრთებზე ორი მკვეთრი განივი შავი ზოლი. ფრთების ქვემო მფარავები და იღლია თეთრია. რუხი ან მუქი ცისფერი საჭის ბუმბულები შავი ზოლით ბოლოვდება. ნისკარტი მოშავო-მუქია, ხოლო ცვილანა – თეთრი. ფეხები მოწითალოა.
ცნობილია 13 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება თურქესტნული გარეული მტრედი – C. 1. neglegta Hume, 1873.
სარჩევი |
გავრცელება
ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და აზიაში. ჩრდილოეთით აღწევს შოტლანდიამდე. აღნიშნული იყო სამხრეთ ნორვეგიაშიც. სსრკ ფარგლებში ბინადრობს ყირიმში, კავკასიაში, შუა აზიაში. ჩრდილოეთით ვრცელდება მდ. კამის შესართავამდე და მდ. ურალის სათავეებამდე. საქართველოში ცნობილია როგორც მობინადრე ფრინველი.
ბიოტოპი
მდინარეთა კლდოვანი ან ფლატეებიანი სანაპიროები, ხრამები, ხევები, ძველი ნაგებობანი ან მათი ნანგრევები. ზოგჯერ, მათ შორის საქართველოს ზოგიერთ ადგილას, მოიპოვება ტყეშიც, მით უმეტეს, თუ ტყე შედარებით მეჩხერია და ტყის ფარგლებში კლდოვანი ადგილებიცაა.
გამრავლება
ბუდის აგებას იწყებს მარტის მეორე ნახევრიდან – ჩვეულებრივად კლდეთა ნაპრალებში, გამოქვაბულებში, ძველ ნაგებობებში. ბუდე მარტივია და წარმოადგენს ხმელი ჯოხებისა და ბალახის მეჩხერ გროვას. დებს 2 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 17 დღემდე გრძელდება. წელიწადში ასწრებს სამჯერ გამრავლებას. გამოჩეკილი ხუნდები ბუდეში რჩებიან ერთი თვის განმავლობაში, რომელთაც მშობლები კვებავენ.
კვება
გარეული მტრედი ყველაზე მეტად ეტანება ხორბალს, მაგრამ მარცვლებს თავთავიდან კი არ იღებს, არამედ კენკავს მიწიდან. ჭამს სხვა მცენარეთა თესლებსაც, მათ შორის პარკოსნების, სარეველა მცენარეების, მარცვლოვანების და სხვა. იკვებება წვრილი ნაყოფებითაც. არის ცნობები ცხოველური საკვების (მათ შორის მოლუსკების) გამოყენების შესახებაც.
მნიშვნელობა
ზოგან სპორტული ნადირობის ობიექტია. ერთეულ ეგზემპლარებს გზადაგზა საქართველოშიც მოიპოვებენ. უფრო დიდია მისი ესთეტიკური მნიშვნელობა.