პარკოსანი კულტურები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

პარკოსანი კულტურები — აკადემიკოსი ივ. ჯავახიშვილი (1934) აღნიშნავდა: „პურეული მარცვლეულობის გარდა, ადამიანისა და პირუტყვის კვებისათვის დიდი მნიშვნელობა პარკოსან მარცვლეულობას აქვს. თუ პურეულის ქიმიური შემადგენლობის უდიდეს ნაწილს ნახშირწყლიანი ნივთიერება (სახამებელი, შაქარი) წარმოადგენს და აზოტოვანი (ცილოვანი) ნივთიერება პურეულს შედარებით ნაკლები გააჩნია, სამაგიეროდ, ცერცვნაირი მარცვლეული სწორედ აზოტოვანი, ცილოვანი ნივთიერებებით არის მდიდარი“.

პარკოსან-მარცვლეულ კულტურებს პურეულ მარცვლოვნებთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის.

ამიერკავკასიის რეგიონში განსაკუთრებული მნიშვნელობის არეებად განიხილება, ერთი მხრივ, დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირეთი, მეორე მხრივ, აღმოსავლეთ საქართველოს მთისწინეთისა და ვაკის მასივები, სადაც მარცვლოვნებთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პარკოსან მცენარეებს. კავკასია და, კერძოდ, საქართველოს ტერიტორია, გვევლინება პარკოსანთა რამდენიმე ენდემური სახეობის ჩამოყალიბების ცენტრად. მაგ., აქ გვხვდება ბარდას Pisum-ის კავკასიური სახესხვაობა, რომელიც საქართველოშია აღმოჩენილი და სპეციალურ ლიტერატურაში „ახალქალაქის ბარდას“ სახელწოდებით არის ცნობილი. პარკოსანი მარცვლეულები განეკუთვნება რელიქტური მცენარეების რიცხვს, რომელთა კულტურული და ველური სახეობანი თანამედროვე ფლორას დღემდე შემორჩა. არსებობს შეხედულება იმის შესახებ, რომ ადამიანის მიერ პარკოსან მცენარეთა მოხმარება ბევრად წინ უსწრებს პურეულების მოხმარებას და ისინი განიხილებიან თერმული დამუშავებით მიღებული საკვების ყველაზე ადრეულ ფორმად (Декапрелевич, 1926; ბერიაშვილი, 2003, 2005).

სასურსათო თვალსაზრისით პარკოსანი კულტურების მნიშვნელობა განპირობებულია ამ კულტურების თესლში ცილების მაღალი შემცველობით (25-47%).

პარკოსნების მარცვლები პროტეინის შემცველობით აღემატებიან ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა: რძე, ხორცი, ხორბლის პური, რის გამოც ისინი ზოგჯერ ხორცისა და ყველის მაგივრობასაც წევენ. პარკოსან მცენარეთა თესლში ცილის შემცველობა 2-3 ჯერ მეტია, ვიდრე ხორბლის თესლში. ზოგიერთი პარკოსნის (ხანჭკოლას) თესლში ცილის შემცველობა 45%-ს აღწევს. პარკოსანთა ცილები მდიდარია შეუცვლელი ამინომჟავებით, ლიზინით, ტრიპტოფანით, მეტიონინით და სხვ., რომლებიც ადვილად შესათვისებელს ხდიან ცილებს. ცილებთან ერთად პარკოსნების მარცვალში დიდი რაოდენობით არის ცხიმი; აგრეთვე ვიტამინები A 1 ; B 1 ; B 2 ; C. პარკოსნების ფქვილი გამოიყენება კულინარიაში, პურის ფქვილში შესარევად. პარკოსანი მცენარეები ფესვებზე ივითარებენ კოჟრებს და სპეციალური სიმბიოზური აზოტმაფიქსირებელი ბაქტერიების მეშვეობით ნიადაგში ახდენენ ჰაერის აზოტის ფიქსაციას და ამაღლებენ ნიადაგის ნაყოფიერებას; ამ მხრივ განსაკუთრებით დიდი უნარით გამოირჩევა ხანჭკოლა, რომელიც ჰექტარზე 400 კგ-მდე ჰაერის აზოტს ითვისებს. ნიადაგის ნაყოფიერების თვალსაზრისით პარკოსანი კულტურები შეუდარებელია. ისინი უმეტესად ვენახებში ითესებოდნენ და ვაზის კვებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებდნენ. ამ თვისების გამო პარკოსნები კარგი წინამორბედია ყველა კულტურისათვის. პარკოსნები თესლბრუნვაში შეიძლება მოთავსდნენ შუალედური კულტურების სახითაც. მათ დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ მწვანე სასუქად გამოყენების დროს (ბადრიშვილი, 1981; ბერიაშვილი, 2003; 2005; მაისაია და სხვ., 2005; მაისაია, 2013).

ზოგიერთი პარკოსანი გამოიყენება სამკურნალო დანიშნულებითაც; გარდა ვიტამინებისა, პარკოსნები შეიცავს ენზიმებს (ფრანგულაშვილი, 1935).

ლ. ფრუიძე (1975) აღნიშნავს: „ფერეიდნელი ქართველები საუკეთესო მიწათმოქმედნი იყვნენ. პურეული კულტურების გარდა მოჰყავდათ ოსპი, „ნუხუდო“ (მუხუდო) და სხვ.

ივ. ჯავახიშვილის (1934) განმარტებით, XVI საუკუნის დამლევამდე პარკოსანთა მოყვანის მთავარ საგანს ცერცვნაირი, ჴდურნაირნი და ოსპი შეადგენდნენ. გ. გოცირიძე (2007) აღნიშნავს: „ყოფაში ახლაც ასე ჩანს; მთხრობელი ასახელებს სხვადასხვა სახის შეჭამანდს, მათ შორის ოსპის, მუხუდოს, ლობიოს და დასძენს, რომ ისინი უფრო მარხვაში გამოიყენებოდა, ჭამდნენ პურთან და ჭადთან ერთად“.

პარკოსან კულტურებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სწორედ მარხვის პერიოდში; მაშინ, როცა ხორცეული პროდუქტების მიღება ჩანაცვლებული იყო მცენარეულით, ცილოვანი ნივთიერების დეფიციტს ძირითადად პარკოსნები ავსებდა. პარკოსანი პროდუქტები, მოსახლეობის ყოველდღიური კვების მთავარი შეუცვლელი ნედლეული იყო, რომელთა პრიორიტეტი ქართველთა ტრადიციული კვების სისტემაში საუკუნეთა მანძილზე უცვლელი რჩებოდა.

საქართველოში გავრცელებულ პარკოსან მარცვლეულთაგან ვახუშტის (1941) დასახელებული აქვს: „მუხუდო, ლობიო, ოსპი, ცერცვი, საკადრისა, ძაძა, მაშა, უგრეხელი“. მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოდან, როდესაც საქართველოს მიწათმოქმედებაში ლობიოს უცხოური ჯიშები გაბატონდა, ქართული პარკოსანი კულტურები თანდათანობით გადის მოხმარებიდან.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები