ჩვეულებრივი გუგული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:27, 16 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩვეულებრივი გუგული (ლათ. Cuculus canorus Linnaeus, 1758) − ფრინველი გუგულისნაირთა რიგიდან.

ჩვეულებრივი გუგული საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 200-230 მმ-ია, კუდი 165-195 მმ, ნისკარტი − 18-21 მმ, წონა − 95-125 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი ზოგჯერ კარგადაა გამოხატული. ზრდასრულ მამალს თავი ზემოდან, კისრის უკანა ნაწილი, ზურგი, ფრთისა და კუდის ზემო მფარავები ასპიდურ-რუხი აქვს. მომქნევები მურაა, ფართო განივი თეთრი წინწკლებით. საჭის ბუმბულები შავია, ღეროების მახლობლად, შიგნითა მარაოების კიდეებსა და წვეროებზე წვრილი თეთრი წინწკლებით. ყელი და მკერდი ღია რუხია; მუცელი და გვერდები − თეთრი, მუქი მურა განივი ზოლებით. იღლიისა და ფრთის ქვემო მფარავებიც თეთრია, მურა ფერის განივი ზოლებით. მტევნის ზემო მფარავები მოთეთროა, ვიწრო და განივი მურა ზოლებით ან მოცისფრო ლაქებით, რომლებიც ფრთაზე სითეთრეს წარმოქმნიან. დედლებს შორის შეფერილობის ორი ტიპია − რუხი, რომელიც მამლის მსგავსია, მაგრამ ზურგის მხარეს და თავზე მოწაბლისფროა, ხოლო ჩიჩახვზე ჟანგმიწისფერი ელფერი აქვს; შეფერილობის მეორე ტიპი მწითურია, რომელსაც თავი ზემოდან ჟანგისფერ-ჟღალი აქვს, შავი განივი ზოლებით. მომქნევები მურაა, ჟანგისფერ-ჯღალი ლაქებით და ზოლებით. წელი და კუდის ზემო მფარავები ჟანგისფერ-ქარცია. საჭის ბუმბულებს თეთრი წვეროები და ფართო შავი განივი ზოლები აქვთ. მუცლის მხარეს თეთრია, მურა-შავი განივი ზოლებით.

აღწერილია 7 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული ჩვეულებრივი გუგული C. c. canorus Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

ჩვეულებრივი გუგული თითქმის მთელ ევრაზიაშია გავრცელებული − ჩრდილოეთით მხოლოდ ტყის ზოლის ფარგლებში, ხოლო სამხრეთითევროპაში ხმელთაშუა ზღვამდე და შავ ზღვამდე, აზიაშიც აგრეთვე თითქმის ყველგან, ინდოეთის, ინდოჩინეთისა და მალაის არქიპელაგის გამოკლებით, სადაც ჩვეულებრივი გუგული ზამთარს ატარებს. ევროპიდან კი საზამთროდ აფრიკის სამხრეთ ნახევარში მიფრინავს. საქართველოში მოიპოვება და მრავლდება ყველგან ტყის ფარგლებში.

ბიოტოპი

გუგულის საბინადრო მრავალგვარია და განისაზღვრება იმ ფრინველების განაწილებით, რომელთა ბუდეებშიც იგი კვერცხებს დებს. ამიტომ გუგული შეიძლება შეგვხვდეს ტაიგის ნაპირებშიც, შერეულ ტყეშიც, ტყე-ველებშიც, ველებში, ჭალის ტყეებში, მდინარეებისა და ტბების სანაპირო ლელიანებში, ბაღებსა და ვენახებშიც. ვერტიკალურად ვრცელდება 2500 მ-მდე.

გამრავლება

აპრილის მეორე ნახევრიდან ჩვენში უკვე ისმის გუგულის ხმა. იგი ბუდეს არ აკეთებს. კვერცხებს დებს უმთავრესად პატარა ზომის ბეღურასნაირი ფრინველების ბუდეებში ერთი-ორი დღის შუალედებით. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა უდრის 11-13 დღეს, ე. ი. უფრო ნაკლებს, ვიდრე მასპინძელი ფრინველისა. გუგულის ბარტყი გადმოყრის ბუდიდან მასპინძელი ფრინველის ბარტყებს, მასპინძელი ფრინველი კი მას კვებავს 20 დღის განმავლობაში. 25-27 დღის ასაკში ახალნაჩეკი გუგული იძენს ფრენის უნარს და დამოუკიდებლად არსებობს. თბილ ქვეყნებში აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერში მიფრინავს.

კვება

გუგულის საკვებს შეადგენენ მწერები, მეტწილად − მუხლუხოები, ხშირად ისეთებიც, რომელთაც სხვა ფრინველები არ კენკავენ მათი შხამიანობის ან სხვა მიზეზების გამო.

მნიშვნელობა

მავნე მწერების მასობრივად განადგურებით გუგულს მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები