გუგულისნაირნი
გუგულისნაირნი (ლათ. Cuculiformes) − ფრინველთა რიგი. გუგულისნაირთა რიგის ფრინველების უმრავლესობა საშუალო სიდიდისაა. სსრ კავშირის ორნითოფაუნაში ყველაზე დიდია ჩვეულებრივი გუგული, ხოლო ტროპიკულ ქვეყნებში მობინადრე სახეობებიდან უფრო დიდია ტურაკოების ზოგიერთი წარმომადგენელი. გუგულისნაირნი ფართოდ არიან გავრცელებული მთელ დედამიწაზე. ისინი მოიპოვებიან ყველგან, გარდა სუბარქტიკული ზონისა. სახეობების უმრავლესობა მაინც ტროპიკულსა და სუბტროპიკულ ქვეყნებში გვხვდებიან. ყველა მათგანი დღის ფრინველია, ცხოვრობენ ტყეში ან ბუჩქნარებში, თუმცა საარსებო პირობები მეტად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. უმრავლესობა კარგი მფრინავებია, ზოგიერთი სახეობის ფრინველს კარგი სირბილიც შეუძლია.
გუგულისნაირთა ბუმბულსაფარველი საკმაოდ უხეშია და მჭიდროდ ეკვრის სხეულს. გალო გარეთა მხრიდან შუამდე შემოსილია. ზოგიერთი სახეობის ფრინველს თავზე ქოჩორი აქვს. სქესობრივი დიმორფიზმი ან სრულიად არაა ან ძლიერ სუსტადაა გამოხატული. პირველი რიგის მომქნევების რაოდენობა 10-ია. ამდენივეა საჭის ბუმბულებიც. კუდი საკმაოდ გრძელი და საფეხუროვანია, ე. ი. საჭის გარეთა ბუმბულები მოკლეა, ხოლო შიგნითა თანდათანობით უფრო გრძელი. ფეხი ოთხთითიანია, მაგრამ პირველი და მეოთხე თითები ჩვეულებრივად უკანაა მიმართული.
კვების მიხედვით ამ რიგის ფრინველები შეიძლება ორ ჯგუფად გაიყოს: ტურაკოები ძირითადად მცენარეულობით — კენკრით, ნაყოფებით, ნორჩი ყლორტებითა და კვირტებით იკვებებიან. საკუთრივ გუგულების საკვებს შეადგენენ ცხოველები, მათ შორის უმთავრესად მწერები.
სახეობების უმრავლესობა მონოგამიურებია. ამ რიგის ბევრი სახეობისათვის დამახასიათებელია ბუდის პარაზიტიზმი და პოლიანდრია. გუგულისნაირთა რიგში მრავალი სახეობა ამჟღავნებს არაპარაზიტობიდან პარაზიტობისაკენ გარდამავალ თვისებას. მაგალითად, ამერიკული Coccyzus გვარის წარმომადგენლები თვითონ აგებენ ბუდეს და ჩეკავენ ბარტყებს. ამ გვარის მხოლოდ ერთი სახეობა იკავებს სხვის ბუდეს, მაგრამ თვითონ ჩეკავს და კვებავს მართვეებს. Crotophaga-ს გვარის სახეობებში რამდენიმე დედალი კვერცხებს დებს მათ მიერვე გაკეთებულ ერთ ბუდეში.
ჩვეულებრივმა გუგულმა შეიძლება კვერცხი ჩაუდოს ბეღურასნაირი ფრინველების 147 სხვადასხვა სახეობას. უფრო ხშირია 20-30 სახეობაში პარაზიტობის შემთხვევა, მაგრამ რომელიმე კონკრეტულ ადგილას ჩვეულებრივი გუგული პარაზიტობს რამდენიმე (2-3) მკვეთრად განსაზღვრულ სახეობებში, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილებში არიან სხვა სახეობის ფრინველებიც. ამასთან გუგულის ყოველი დედალი კვერცხს უდებს მხოლოდ ერთ რომელიმე მასპინძელ ფრინველს, ალბათ იმას, რომლის ბუდეშიც თვითონ გამოიჩეკა და გუგულის კვერცხი შეფერილობით ჰგავს ამ ფრინველის კვერცხს. თავის მასპინძელ სახეობას გუგული იშვიათად იცვლის.
გუგულისნაირთა რიგი იყოფა ორ ქვერიგად: 1. ტურაკოები ანუ ბანანიჭამიები, ერთი ოჯახით, 8 გვარითა და 20 სახეობით, რომლებიც გავრცელებული არიან აფრიკაში; 2. ნამდვილი გუგულები, ერთი ოჯახით, 40 გვარითა და 126 სახეობით, რომლებიც ფართოდ არიან გავრცელებული როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ნახევარსფეროში.
საქართველოს ორნითოფაუნაში მოიპოვება მხოლოდ ერთი ოჯახი.