არლი
არლი – (ინგლ. Arles, რუს. Арль), ქალაქი და კლიმატური კურორტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, პროვანს-ალპების-ლაჟვარდოვანი ნაპირის რეგიონში, ბუშ-დიუ- რონის დეპარტამენტში, სამდინარო ნავსადგური, ქ. მარსელიდან 70 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხოლო ქ. ავინიონიდან 40 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს მდინარე რონის მარცხენა ნაპირას, არხზე, რომელიც ხმელთაშუა ზღვისკენ მიემართება, ზღვის დონიდან 9 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ვაკე.
ჰავა – ხმელთაშუა ზღვის. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 8°C. ზაფხული თბილია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 25°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 15°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 760 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის შემოდგომაზე (288 მმ), ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე (146 მმ).
არლის ტერიტორიაზე გავრცელებულია ხეხილის ბაღები (ვაშლი, მსხალი, ატამი და სხვ.) და ვენახები. გვხვდება აგრეთვე: პალმები, მაგნოლიები, ყვავილები (ვარდი, გერანი, ჟასმინი და სხვ.), ზეთისხილის, ჭადრის, მუხის, კედარისა და კვიპაროსის ნარგავები. არლის მიდამოები დაფარულია: ეთერზეთოვანი ვარდის, გერანის, დაფნისა და ზეთისხილის პლანტაციებით, ხეხილის ბაღებით, ვენახებით, კვიპაროსის კორომებით, მუხის, კედარის, ფიჭვისა და ჭადრის ნარგავებით.
არლის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია ხმელთაშუა ზღვის ჰავა და ფიტონციდებით გაჯერებული ჰაერი.
კურორტის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები არლში წასასვლელად: დასვენება; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
ქ. არლში (გაიუს ოქტავიანე ავგუსტის (ძვ.წ. 63- ახ.წ. 14 წლები) ეპოქის რომაული თეატრის (აშენდა დაახლოებით ძვ.წ. 30-15 წლებში) ნანგრევები; რომაული ამფითეატრი (აშენდა ახ.წ. I საუკუნის დასასრულსა და II საუკუნის დასაწყისში, XV-XVI საუკუნეებში გადაკეთდა ციხე-სიმაგრედ, ხოლო XX-XXI საუკუნეებში ჩაუტარდა რესტავრაცია და დაუბრუნდა პირვანდელ მდგომარეობას); კალდარიუმი (თბილი აბანოები) – კონსტანტინეს თერმების (კონსტანტინეს თერმული აბანოების) (IV საუკუნე)შემორჩენილი ნაწილი; ტრუილის ციხე-დარბაზი – კონსტანტინე დიდის სასახლის ნაშთები (IV საუკუნე); წმიდა ტროფიმეს სახელობის საკათედრო კათოლიკური ტაძარი (გადაკეთდა X-XI საუკუნეებში V საუკუნეში აშენებული წმიდა სტეფანეს სახელობის კათოლიკური საკათედრო ტაძრიდან); წმიდა გონორატის სახელობის კათოლიკური ეკლესია (XI-XIII საუკუნეები); ალისკამპი (Alyscamps) – I-XV საუკუნეების ნეკროპოლი, სადაც დაკრძალულია წმიდა ჰენესი (III საუკუნე); მერიის შენობა (1675 წელი); მუზეუმები – ანტიკური ანუ არელატის, რეატუს სამხატვრო, სიძველეების, ალისკამპი და სხვ.; XV საუკუნის მონასტრის შენობა და სხვ.),
ქ. არლის მიდამოებში (მონმაჟურის ყოფილი ბენედიქტელთა სააბატო (დაარსდა X საუკუნეში); აკვედუკის ნანგრევები (ძვ.წ. I საუკუნე), ფოვეიდან 3 კმ-ში; წმიდა ჯვრის სახელობის სამლოცველო (XII საუკუნე) და გალერეები (XII საუკუნე), მონმაჟურის ყოფილ სააბატოსთან; დოდეს ქარის წისქვილი – მწერალ ალფონს დოდეს მუზეუმით (XIX საუკუნე), ბონმაჟურის ყოფილ სააბატოდან 5 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით; ქალაქ ლე- ბო-დე-პროვანსის (X-XVIII საუკუნეები) ნანგრევები; კამარგის რეგიონალური ნაციონალური პარკი და სხვ.),
ქ. მარსელში (ანტიკური ქალაქის ნანგრევები (ძვ. წ. VI-ახ.წ. I საუკუნეები); საკათედრო კათოლიკური ტაძრები – Sen-Mary de la Major (დაარსდა IV საუკუნეში, რამდენჯერმე გადაკეთდა XI-XIX საუკუნეში) და La Nouevel Major (XIX საუკუნე); კათოლიკური ეკლესიები – წმიდა ლორენის სახელობის (XII საუკუნე) და წმიდა ეკატერინეს სახელობის (XVII საუკუნე); კათოლიკური ბაზილიკები – წმიდა ვიქტორის სახელობის (XII-XV საუკუნეები), რომელიც აშენდა წმიდა ვიქტორის სახელობის სააბატოს (დაარსდა V საუკუნეში) ტერიტორიაზე და Notre-Dame de la Garde (1853-1864 წლები); წმიდა ლაზარეს სახელობის კათოლიკური კაპელა; XVII საუკუნის შენობები – Hotel de Ville (რატუშა), Hotel de Cabre და Maison Diamantre; ფორტები – წმიდა იოანეს სახელობის (1660 წელი) და წმიდა ნიკოლოზის სახელობის (XVII-XVIII საუკუნეები); ბირჟის შენობა (აშენდა XVIII საუკუნეში, გადაკეთდა XIX საუკუნეში); ბორელის ციხე-დარბაზი (1778 წელი) ულამაზესი შადრევნით; სასახლეები – პალე-ლონგ-შამპი კასკადით (1849 წელი) და ფაროს (XIX საუკუნე); ფარე-დე-სენ-მარის შუქურა (1855 წელი); მუზეუმები – ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ნაციონალური, ძველი ქალაქის, ნატიფი ხელოვნების მარსელის, გრობე-ლაბადიეს, ბუნებისმეტყველების, კარტინის (ქალაქის სამხატვრო), სამხედრო-საზღვაო ფლოტის, კერამიკის, სახვითი ხელოვნების, ანტიკური ვაჭრობის, მოდის და სხვ.; კინოს სახლი Miroir; საკონცერტო მოედანი La Vielle Charite, რომელიც მდებარეობს XVII საუკუნის არქიტექტურულ ანსამბლში; მბრწყინავი ქალაქი (La Cite Radieuse) – 17-სართულიანი საცხოვრებელი სახლი (1947-1952 წლები, არქიტექტორი ლე-კორბუზიე); პარკები – ფაროს, ნანგრევების, შანოს, პიერ პუჟეს სახელობის, ბორელის და სხვ.; ბოტანიკური ბაღი; პლაჟები – პრადო, დეზ-კატალანი, ფორტენის და სხვ.),
ქ. მარსელის მიდამოებში (კალანკები – კლდოვანი უბეები ხმელთაშუა ზღვაზე; ციხე-დარბაზები – იფი ფრიულის კუნძულებზე (XVI საუკუნე), პასტრე (XIX საუკუნე) მონრედონში და სხვ.),
ქ. ავინიონში (XIV საუკუნეში აშენებული ციხე- დარბაზი – პაპების სასახლე (Palais des Papes) XIV-XIX საუკუნეების ფრესკებით; თლილი ქვით ნაგები კოშკებიანი გალავანი (XIV საუკუნის შუა ხანები); ქვის დიდი ხიდის, სენ-ბენეზეს (XII-XIII საუკუნეები) ნანგრევები; საეპისკოპოსო ტაძარი Notre-Dame de-Dome (XII საუკუნე) პაპების აკლდამებით; ქალაქის ანუ კალვეს სახელობის ხელოვნების მუზეუმი (1810 წელი) და სხვ.),
ავინიონის მიდამოებში (XII-XV საუკუნეების თავდაცვითი ნაგებობანის ნანგრევები და სხვ.).