ახენკირხი
ახენკირხი – (ინგლ. Achenkirch, რუს. Ахенкирх), კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი დასავლეთ ავსტრიაში, ტიროლში, შვაცის ოლქში, კურორტ ახენზეეჰოფიდან 2,3 კმ-ში, ჩრდილოეთით, ქ. ინსბრუკიდან 53,5 კმ-ში, ჩრდილო- აღმოსავლეთით. მდებარეობს ალპებში, კარვანდელისა და როფანის მთაგრეხილებს შორის, ახენტალის ველზე, ახენზეეს ტბის ჩრდილო ნაპირზე, ზღვის დონიდან 930 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – ზომიერად კონტინენტური, დაბალი მთის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -3,3°C. ზაფხული გრილია და წვიმიანი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 16°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 6,7°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 988 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულზე (398 მმ), ხოლო მინიმუმი – ზამთარზე (155 მმ). ყველაზე ნალექიანი თვეა ივლისი (143 მმ), ყველაზე მშრალი – თებერვალი (45 მმ).
ახენკირხის ტერიტორიაზე გავრცელებულია: ხეხილის ბაღები (ვაშლი, ქლიავი, მსხალი და სხვ.), ვენახები, მუხის, წიფლისა და ნაძვის ნარგავები. კურორტის მიდამოებში გვხვდება: ნაძვნარი, წიფლნარი და ალპური მდელოები.
ახენკირხის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია დაბალი მთის ჰავა, ფიტონციდებითა და მსუბუქი აეროიონებით გაჟღენთილი მთისა და ტბისპირა ჰაერი, ტბის წყალი.
ახენკირხის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: ბანაობა ტბაში, ჰაერისა და მზის აბაზანები წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში.).
ჩვენებები ახენკირხში წასასვლელად: დასვენება; ზამთარში – სრიალი თხილამურებითა და სნოუბორდით; ციგაობა, ციგურაობა, სეირნობა ძაღლებიანი მარხილით და სხვ.; წელიწადის თბილ პერიოდში – სერფინგი, ვინდსერფინგი, ჰალფპაიპი, მაუნთ-ბაიკი და სხვ.; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
ურორტ ახენკირხში – ახენკირხის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის რომაულ- კათოლიკური ეკლესია (XVIII საუკუნე); ქალაქის ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია (XVI საუკუნე); ოჯახური ფერმა-მუზეუმი Hematmuseum Sixenhof (აშენდა 1361 წელს, დაიწვა და ხელახლა აშენდა 1810 წელს), თავგადასავლების პარკი, ჩანჩქერები, ბუნებრივი ნაკრძალი და სხვ.; კურორტ პერტისაუში – პერტისაუს ყოვლადწმიდა სამების სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XIX საუკუნე), ბუნებრივი ნაკრძალი-ზოოპარკი და სხვ.; კურორტ მაურახში – მაურახის ყოვლადწმიდა მარიამის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია, ჩანჩქერი, ალკოჰოლური სასმელების ქარხანა და სხვ.).