ატაბე
ატაბე – (ინგლ. Atabe, რუს. Атабе), ბალნეო-კლიმატური საკურორტო ადგილი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხევსურეთის არაგვის 217 მარცხენა მხარეს, ქ. დუშეთიდან 98 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1700 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – შუა მთის ზედა სარტყლის, ზომიერად ნოტიო. იცის ზომიერად ცივი ზამთარი, მდგრადი თოვლის საფრით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -4,9°C. ზაფხული გრილია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 14,1°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 5°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 71%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა − 793 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის მაის-ივნისზე, ხოლო მინიმუმი − იანვარზე.
ატაბის მიდამოებში გავრცელებულია წიფლნარი, გვხვდება აგრეთვე ფიჭვნარი.
ატაბის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: დაბალი მინერალიზაციის (M-8,7გ/დმ3) ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატულ-ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი; შუა მთის ზედა სარტყლის ჰავა და აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.
ატაბის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების სავარაუდო მეთოდებია მინერალური წყლის პერორალური მიღება (დალევა) და პასიური კლიმატოთერაპია.
სავარაუდო ჩვენებები ატაბეში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, ნაღველგამომყოფი და შარდგამომყოფი გზების პათოლოგიები; ნივთიერებათა ცვლისა და ენდოკრინული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
სოფელ ატაბესა და მის მიდამოებში (ხევსურეთის არაგვის ხეობა; ქოროღოს ეკლესია და კოშკი (X საუკუნე); ფუძნარის ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის სახელობის გუმბათოვანი ეკლესია (XIII საუკუნე); ბოდორნის ეკლესია (1717 წელი); მჭადიჯვრის ეკლესია (1668 წელი) და ციხე (1647 წელი); სოფ. ანანურის ღირსშესანიშნაობები და სხვ.).