მჭადიჯვრის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მჭადიჯვრის ეკლესია

მჭადიჯვრის ეკლესია − (ინგლ. Church of Mchadijvari), XVII საუკუნის II ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა ეკლესიის კომპლექსი. მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქ. დუშეთიდან 14 კმ-ში, სოფ. მჭადიჯვრის ცენტრში. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ეკლესია, სამრეკლო, ციხე-გალავანი, კოშკები.

ეკლესიის დასავლეთი შესასვლელის კარის ტიმპანზე არსებული ასომთავრული წარწერის თანახმად. ეკლესია 1668 წელს აუგია დომენტი კათოლიკოსს, ხოლო ციხე-გალავანი – კონსტანტინე მუხრანბატონს 1746 წელს, რაზეც მოგვითხრობს სამხრეთი შესასვლელის თავზე განთავსებული წარწერა. ტაძარს მუხრან-ბატონთა ციხის ანსამბლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ეჭირა, ერთი კოშკი ზედ ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეზეა მიდგმული.

მხედრული წარწერა სამხრეთი შესასვლელის ტიმპანზე
გეგმა

გუმბათოვანი ეკლესია გეგმით მართკუთხაა ზომებით: 20,4-x17,0 მ, სიმაღლე იატაკიდან გუმბათის წვერომდე 23 მ. ძირითადად ნაშენია აგურით დუღაბზე. საბჯენი თაღები, იმპოსტი, შესასვლელების ტიმპანები, სარკმლების თაღები და კონსოლები თლილი ქვისაა. შესასვლელი სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა (ამოქოლილია). შიგა სივრცე შექმნილია ჯვრის მკლავებით რომელთაგან აღმოსავლეთის მკლავი სამნაწილიანია. შუაში ღრმა საკურთხეველია მოწყობილი გვერდებზე აფსიდიანი სამკვეთლო და სადიაკვნე, რომლებიც გასასვლელებით უკავშირდება საკურთხეველსა და განივ მკლავებს. აფსიდში, სარკმლის ქვემოთ კედელში სამი ერთი სიმაღლის ისრულთაღიანი ნიშაა გაკეთებული. ნაგებობას პატრონიკე არ გააჩნია. პასტოფორიების თავზე, მეორე სართულზე უაფსიდო და უსარკმლო კამარით გადახურული ორი ოთახია გამართული. მთავარ სივრცეში ისინი ორთაღიანი ღიობით გამოდიან. თორმეტწახნაგა გუმბათის ყელი ეყრდნობა საკურთხევლის ბემის შვერილებსა და დასავლეთით თავისუფლად მდგარ ორ ძალიან მასიურ რვაწახნაგა ბურჯს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრიულ საფუძველზე გადასვლა აფრების მეშვეობით ხდება. ფართო, სინათლით სავსე (ეკლესია კარგადაა განათებული მრავალრიცხოვანი სარკმლით), სასიამოვნო პროპორციისა და მასშტაბის მქონე ინტერიერი წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. შიგა სივრცეს განსაკუთრებით აცოცხლებს სადიაკვნესა და სამკვეთლოს ზემოთ მოწყობილი ოთახების თლილი ქვით გამოყვანილი შეწყვილებული ღია თაღები, რომლებიც მრგვალ სვეტებს ეყრდნობა. მათი ბაზისები და კაპიტელები გულდასმითაა დამუშავებული. მათგან განსხვავებით, მასიური და მარტივპროფილიანია გუმბათქვეშა სვეტისთავები და შეისრული თაღების საბჯენი კრონშტეინები. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ტაძრის მთლიანად დამთავრება ვერ მოასწრეს, ინტერიერი მოუხატავი და შეულესავია დარჩენილი. გუმბათის ყელი მაღალი და საკმაოდ განიერია, შემკულია ლეკალური აგურით გამოყვანილი თაღედით. გუმბათის ლავგარდანი ქვისაა – საფეხუროვანი. ფასადები კედლის ჩაღრმავებით მიღებული, ძირითადად ერთი სიმაღლის შეისრული თაღოვანი არეების მწკრივებითაა მორთული. აღმოსავლეთ ფასადზე ხუთთაღიანი კომპოზიციაა – ცენტრში ძალიან მაღალი და გვერდებზე დაბალი თაღები ორი ღრმა ნიშით. უნდა აღინიშნოს, რომ ნიშები (შესაბამისად მათი თაღებიც) განაპირა თაღებზე დაბალია. აქ მათ არა მარტო დეკორაციული, არამედ კონსტრუქციული მნიშვნელობაც აქვთ. ტაძრის ფასადები დაგვირგვინებულია აგურის ლავგარდნით, რომლის პროფილს ჩვეულებრივად დაწყობილი აგურის სამი საფეხური შეადგენს.

ეკლესიის დასავლეთით დგას XIX საუკუნის ფანჩატურიანი სამრეკლო, რომელიც შესრულებულია ოთხ სვეტზე დაყრდნობილი თაღებით და თუნუქის სახურავითაა დასრულებული (ადრე მოჭიქული მომწვანო-ლურჯი კრამიტით ყოფილა დაფარული.

ოთხკუთხედის ფორმის ტერიტორია (49,5x34,4 მ), შემოზღუდულია რიყის ქვითა და აგურით ნაგები გალავნით, რომლის კუთხეებში ცილინდრული კოშკებია ჩაშენებული. მათგან ყველაზე დიდია ჩრდილო-დასავლეთის კოშკი, რომელიც უშუალოდ ეკლესიაზეა მიშენებული. გალავნის ქვედა ნაწილი ყრუკედლიანია, ხოლო ზედა – გაწყობილია ქონგურებით, სათოფეებითა და სალოდეებით. კოშკების ზედა სართულებზე საბრძოლო ბაქნებია განთავსებული. სართულშუა გადახურვა ყველგან ხისა ყოფილა. გალავანს აღმოსავლეთის მხრიდან მიშენებული აქვს საცხოვრებელი სახლები. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარიბჭე აგურითაა ამოყვანილი და გადახურულია მართკუთხედში ჩასმული ისრული თაღით. კარის გვერდებზე პილასტრები და ერთმანეთის თავზე, ორ იარუსად განლაგებული სხვადასხვა სიმაღლის შეისრულთაღიანი ნიშებია. კარიბჭის თავზე ქონგურების ნაშთებია შემორჩენილი. ამჟამად გალავნის ძირითადი ნაწილი დანგრეულია.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები