კალასი მარია
მარია კალასი − ნამდვული გვარი კალოიეროპულუ, (3 დეკემბერი 1923, ნიუ-იორკი – 16 სექტემბერი 1977, პარიზი), ბერძენი მომღერალი (სოპრანო). 1937-იდან სწავლობდა ათენის კონსერვატორიაში ე. დე იდალგოსთან. მ. კალასის დებიუტი შედგა ათენში (1938). იყო სოლისტი თეატრებისა: „ლა სკალა“ (1951-58 და 1960-62), „კოვენტ-გარდენისა“ (1952-იდან), ჩიკაგოს (1954-იდან), „მეტროპოლიტენ-ოპერისა“ (1956-58). კონცერტებს მართავდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მ. კალასი იყო XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მომღერალი, ნათლად გამოხატული რომანტიკული სტილისა. გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი არტისტიზმით, ბელკანტოს ხელოვნების უმაღლესი ოსტატობით. ფლობდა ძალზე ლამაზ, მჟღერ, მოქნილ, ფართო დიაპაზონის ხმას, ვირტუოზულ ვოკალურ ტექნიკას, რაც საშუალებას აძლევდა შეესრულებინა განსხვავებული ხასიათის პარტიები: მედეა (კერუბინის „მედეა“), ლუჩია, ანა ბოლეინი (დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“, „ანა ბოლეინი“), ნორმა, ამინა (ბელინის „ნორმა“, „სომნამბულა“), ვიოლეტა (ვერდის „ტრავიატა“), ტოსკა (პუჩინის „ტოსკა“), ჩიო-ჩიო-სანი (პუჩინის „ჩიოჩიო-სანი“) და მრავალი სხვა. გადაღებულია კინოში. 1982-იდან ათენში ტარდება კალასოის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსები.