ნამგალასნაირნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნამგალასნაირნი (ლათ. Micropodiformes) − ფრინველთა რიგი. რიგი აერთიანებს პატარა, ხშირად ძალიან პატარა ზომის ფრინველებს, რომელთაც აქვთ ვიწრო და გრძელი ფრთები და არაჩვეულებრივად სწრაფი ფრენის უნარი. შეფერილობით ზოგი მურა-შავია, ხოლო უმრავლესობა მეტად მკვეთრი, ნაირგვარი მეტალური ელვარებით. ფრთა მხრის ნაწილში ძლიერ შემოკლებულია. შედარებით მოკლეა წინამხარიც. სამაგიეროდ მტევნის ნაწილია დაგრძელებული.
რიგი იყოფა ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებულ 2 ქვერიგად. კოლიბრების (Trochili) ქვერიგში მხოლოდ ერთი ოჯახია, 123 გვარითა და 373 სახეობით. ისინი დამახასიათებელია ჩრდილოეთი ამერიკის სამხრეთი ნაწილისა და სამხრეთი ამერიკისათვის. ჩვენში მხოლოდ ნამგალების (Apodes) ქვერიგის წარმომადგენლებია გავრცელებული.