მრავალჟამიერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:22, 2 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მრავალჟამიერი – ქართული ხალხური სამხმიანი სუფრული სიმღერა და სასულიერო საგალობელი. სუფრული მრავალჟამიერი ორგვარია – სოფლური და ქალაქური; არის აგრეთვე გრძელი და მოკლე მრავალჟამიერი. გრძელ მრავალჟამიერს ვხვდებით ქართლურ და კახურ სასიმღერო შემოქმედებაში. იგი ფორმის, ფაქტურის, სტრუქტურის დახვეწილობით, მხატვრული გამომსახველობის საშუალებათა სიმდიდრით ქართული მუსიკალური ფოლკლორის მშვენებაა. ამ სიმღერის ლაღად გაშლილ ჰანგს ასრულებს 2 ზემოთა ხმა, რომელებიც გაბმული ბანის ფონზე ერთიმეორეს ხან ენაცვლებიან, ხან პარალელურად მოჰყვებიან და ქმნიან კონტრაპუნქტულ შეხამებებს. საყურადღებოა მეტრის ცვალებადობა, კილოური გადასვლები, სამოდულაციო ხერხები, რომელთა საშუალებით მრავალჟამიერი ყოველ გამეორებისას თითო საფეხურით მაღლდება, ემოციური ზემოქმედება მატულობს და სიმღერა საზეიმო ხასიათს იღებს. მრავალჟამიერის პოეტური ტექსტი ნებისმიერია, ხშირად მიმართავენ აფორიზმებს. მოკლე მრავალჟამიერი კუპლეტური ფორმისაა. მას არ გააჩნია პოეტური ტექსტი, შემოფარგლულია მიმართვით იმისადმი, ვისი სადღეგრძელოც შეისვა – „მრავალჟამიერ ღმერთმან ინებოს თქვენი სიცოცხლე“, რომელსაც მისდევს სამადლობელი – „მადლობელი ვარ სადღეგრძელოსთვის“ . აღმოსვლეთ საქართველოში მას ხმათა ჰომოფონიურობა ახასიათებს, დასავლეთ საქართველოში – პოლიფონიური შეხამება.

ქალაქური მრავალჟამიერი წარმოიშვა XIX ს. ევროპული მუსიკისა და რუსული საეკლესიო გალობის ზეგავლენით. ამას ადასტურებს მრავალჟამიერის პოპულარული სახელწოდებები „ceturi“-ი, რომელიც მომდინარეობს გერმ. სამუსიკო ტერმინისაგან „C dur“ (დო მაჟორი) და „ცერკოვნი“, რრომელიც, ცხადია, მომდინარეობს რუსულიდან. სხვა ქალაქური მრავალჟამერებიც მსგავს მუსიკალურ მასალაზეა აგებული. სასულიერო მრავალჟამიერი საზეიმო ხასიათის საგალობელია, სრულდება ეკლესიაში რომელიმე პიროვნების ან მოვლენისადმი მიძღვნილი პარაკლისის დროს. ტექსტი შედგება მხოლოდ ერთი სიტყვისაგან – „მრავალჟამიერ“.


გ. ჩხიკვაძე


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები