მეტრი (მუსიკა)
მეტრი – (ბერძ. metron - ზომა), მუსიკალური რიტმის ორგანიზაციის სისტემა. მის ძირითად ერთეულს თანამედროვე მუსიკაში წარმოადგენს ტაქტი. მუსიკის განვითარების ადრინდელ ეტაპზე. მეტრი უშუალოდ იყო დაკავშირებული სიმღერის ტექსტთან, პოეტურ მეტრთან, ამიტომ აუცილებლობას არ წარმოადგენდა ბგერების ხანგრძლივობის სპეციალური აღნიშვნა. შუა საუკუნეებში გაჩნდა გრიგოლისეული ქორალი, რომელშიც რიტმულად ერთფეროვანი მელოდია არ იყო შეზღუდული გარკვეული მეტრული ჩარჩოებით. ტრუბადურებისა და ტრუვერების შემოქმედებაში კვლავ ჩნდება მუსიკალური მეტრი და ზომა, რომელიც XII ს-ში დამკვიდრდა საეკლესიო მუსიკაშიც (ჩამოყალიბდა მენზურული ნოტაცია, თანამედროვე მუსიკალური ნოტაციის უშუალო წინაპარი). XIV ს-იდან მუსიკალური ზომის ერთეულებია მენზურა და ტაქტი. XVII ს- ში ტაქტის ცნება საბოლოოდ ჩამოყალიბდა, XIX ს-ში კი იგი, როგორც ტერმინი, შევიდა მუსიკის თეორიაში. ტაქტში შემავალი ერთეულები იყოფა ძლიერად და სუსტად. მეტრული ზომა ტაქტში შეიძლება იყოს მარტივი (2 და 3 წილადი), რთული (4 და 6 წილადი), შერეული (5 და 7 წილადი). მეტრული ზომა გამოიხატება შეფარდების სახით (6/8, 5/4) ან სპეციალურად მიღებული აღნიშვნით (C და Ф). ზოგჯერ მუსიკალურ ნაწარმოებში აქცენტი ზუსტად არ ემთხვევა ტაქტის მეტრულ აქცენტს, რომელიც ქმნის სინკოპებს. მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისას ერთი და იმავე ზომის მქონე ტაქტები შეიძლება ძალზე განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან გრძლიობით (სპეციალური აღნიშვნები და ა.შ.). თანამედროვე მუსიკაში მეტრი ხშირად ცვალებადია, ზოგჯერ კი ტაქტობრივი დაყოფა საერთოდ უარყოფილია („მეტრის გარეშე“) თავისებურ მოვლენას წარმოადგენს პოლიმეტრია.
ქართულ ხალხურ მუსიკაში ვხვდებით მეტრის განსხვავებულ ფორმებს: აღმოსავლეთ საქართველოს მთის ზოგიერთ დიალექტში (განსაკუთრებით ხევსურეთში). მუსიკალური მეტრი დამოკიდებულია პოეტურ მეტრზე; ქართლ-კახურ სუფრულ და ერთხმიან შრომის სიმღერებში გამოიყენება თავისუფალი რიტმული საწყისი მეტრული დაყოფის გარეშე; მეტრულ-რიტმული ორგანიზებულობა ახასიათებს დასავლეთ საქართველოს ხალხურ სიმღერებსა და აღმოსავლეთ საქართველოს გარკვეული ჟანრის სიმღერებს (ფერხულს, მგზავრულს). მეტად თავისებურ მოვლენას – რეალურ პაუზას ტაქტებს შორის, რომლის გრძლიობა არაა ზომით გათვალისწინებული („ხალხური პაუზა“), ვხვდებით ქალთა სოლო სიმღერებში. მთელი რიგი ქართული ხალხური სიმღერისათვის დამახასიათებელია სინკოპები, დასავლეთ საქართველოს პოლიფონიური სიმღერებისათვის კი იგი ერთ-ერთი ქმედითი ფაქტორია პოლიფონიური კონტრასტულობის მისაღწევად.
ს. ჟორდანია