ყვითელწარბა ყარანა
ყვითელწარბა ყარანა (ლათ. Phylloscopus sibilatrix Bechstein, 1793) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ასპუჭაკასებრნი (Sylviidae)
- გვარი − ყარანა (Phylloscopus)
ყვითელწარბა ყარანა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 70-80 მმ-ია, კუდი − 50-55 მმ, ნისკარტი – 7-9 მმ, წონა – 10-15 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. ზრდასრული ფრინველი გამრავლების პერიოდში ზურგის მხარეს მოყვითალო-მწვანეა, განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს ეს ფერი კუდზედა ბუმბულებზე. ნისკარტის ძირიდან ყურების მფარავებისაკენ, თვალებს ზემოთ, მკვეთრი ლიმონისფერ-ყვითელი ზოლები („წარბები“) გასდევს. მომქნევები და საჭის ბუმბულები მუქი მურა, მოყვითალო-მწვანე არშიებით. ეს არშიები უფრო ფართოა მეორე რიგის მომქნევების შიგნითა მარაოებზე. ნიკაპი, ყელი, ჩიჩახვი, მკერდი, იღლიისა და ფრთის ქვემო მფარავები გოგირდისფერ-ყვითელია, მუცელი და კუდქვეშა ბუმბულები თეთრი. ზაფხულის ბოლოს, გაცვეთილი ბუმბულსაფარველის მწვანე შეფერილობა უფრო რუხად გამოიყურება, ხოლო მომწვანო არშიები მომქნევებსა და საჭის ბუმბულებზე ნაკლებად შესამჩნევია. ნისკარტი მუქი მურაა, ფეხები–მოყვითალო-მურა
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს ძირითადად ევროპას, ბრიტანეთის კუნძულებიდან, ურალის სამხრეთ-დასავლეთ მთისწინებამდე. ჩრდილოეთით ვრცელდება ბალტიის ზღვის ჩრდილოეთ ნაპირებამდე, არხანგელსკამდე, კამის ქვემო დინებამდე და უფამდე; სამხრეთით – საფრანგეთის, იტალიისა და ბალკანეთის ჩრდილოეთ ნაწილებამდე, კიევამდე, ხარკოვამდე, კუიბიშევამდე და ორსკამდე. არეალის იზოლირებული ნაკვეთები აღნიშნულია პირენეისა და ყირიმის ნახევარკუნძულებზე, აგრეთვე კავკასიაში. ზამთრობს ეკვატორულ [[აფრიკა]ში და ნაწილობრივ სამხრეთ არაბეთში. საქართველოში მოიპოვება ყველგან, როგორც მობუდარი ფრინველი.
ბიოტოპი
ბინადრობს ნაირგვარი ტიპის ტყეში, მაგრამ უპირატესობას ანიჭებს ფოთლოვანებს – მუხნარს, არყნარს, წიფლნარს; გვხვდება შერეულ ტყეშიც და სუფთა ფიჭვნარებშიც, ხშირად ბაღებსა და პარკებში.
გამრავლება
ბუდეს აწყობს მხოლოდ დედალი, მიწაზე, მეჩხერი ტყის კარგად განათებულ ნაკვეთებზე, ბალახნარებში ან ბუჩქნარებში; მაისის დასაწყისში დებს 5-7 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 13 დღემდე გრძელდება. ბარტყებს კვებავს ორივე მშობელი.
კვება
ყვითელწარბა ყარანას საკვებს შეადგენენ ხეებსა და ბუჩქებზე მობინადრე მწერები, მათი კვერცხები და ლარვები, რომელთაც პოულობს ხეების ტოტებზე და ფოთლებზე, განსაკუთრებით – ფოთლების ვენტრალურ მხარეს.
მნიშვნელობა
მავნე მწერების მასობრივად განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სატყეო მეურნეობის, ბაღებისა და პარკებისათვის.