ფართოკუდა ლერწამა
ფართოკუდა ლერწამა (ლათ. Cettia cetti Temminck, 1820) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ასპუჭაკასებრნი (Sylviidae)
- გვარი − ლერწამა (Cettia)
ფართოკუდა ლერწამა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 60-70 მმ-ია, კუდი 55-65 მმ, ნისკარტი – 9-12 მმ, წონა – 10-15 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში შეუმჩნეველია. ზრდასრული ფრინველი გაზაფხულზე ზურგის მხარეს მოთიხისფრო-ყავისფერია; კუდზედა ბუმბულები უფრო ყავისფერია; საჭის ბუმბულები მოყავისფრო-მურა. მომქნევები მურაა, მაგრამ გარეთა მარაოს კიდეები მოყავისფრო აქვთ. თავის გვერდები მორუხოა; თვალების ზემოთ მკვეთრადაა გამოხატული მოთეთრო ფერის „წარბები“. ყელი, მკერდი და მუცელი მორუხო-თეთრია, კუდქვეშა ბუმბულები მოყავისფრო, მოთეთრო არშიებით. შემოდგომით ზრდასრული ფრინველის ზურგის მხარე უფრო სუფთა თიხისფერია, ხოლო ქვემო მხარეს ჭარბობს რუხი ელფერი. ნისკარტი მოწაბლისფრო-რქისფერია, ნისკარტქვედას ძირში მოყვითალოა, ხოლო ფეხები ღია მურა ფერისა. გარდა ამისა, ფართოკუდა ლერწამასათვის დამახასიათებელია საჭის 10 ბუმბული, მომრგვალებული კუდი, ე. ი. საჭის კიდურა ბუმბულები შესამჩნევად მოკლეა შუა ბუმბულებზე. კუდის ქვემო მფარავები დაგრძელებულია და კუდის სიგრძის ორ მესამედს აღწევს. პირველი მომქნევი ფართოა, ამას თან 10 მმ-ზე მეტით გრძელია მტევნის მფარავებზე და მე-2 მომქნევის ნახევრამდე აღწევს.
აღწერილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება: დასავლური ფართოკუდა ლერწამა – C. c. cetti Temm., 1820 და მესოპოტამიის ფართოკუდა ლერწამა – C. c. orientalis Tristram, 1869.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს პირენეის ნახევარკუნძულს, სამხრეთ იტალიას, ბალკანეთს, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკას, მცირე აზიას, ყირიმს, არაბეთის ჩრდილოეთ ნაწილს, ირანს, ავღანეთს, ამიერკავკასიას, მდინარეთა დელტებს კასპიის ზღვის დასავლეთი სანაპიროებიდან, შუა აზიაში და ყაზახეთში, ჩრდილოეთით დაახლოებით 51-ე პარალელამდე. ზამთრობს არეალის სამხრეთ ნაწილში – ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, მცირე აზიაში, ერაყში, ირანში, ავღანეთში, ინდოეთში. საქართველოში მობუდარია ორივე ქვესახეობა; დასავლური – აჭარაში, ხოლო მესოპოტამიისა – აღმოსავლეთ საქართველოში.
ბიოტოპი
ბინადრობს მდინარეებისა და ტბების სანაპირო ბუჩქნარებში, მაღალ ბალახნარებში, მთებში – გრუნტის წყლებით მდიდარ ხევებში, ლერწმიანებში, ლელქაშში. ვერტიკალურად ვრცელდება 1700 მ- მდე ზღვის დონიდან.
გამრავლება
ბუდეს იკეთებს ბუჩქნარებში, მაღალ ბალახნარებში, ლელქაშში, მიწასთან ახლოს ან მცირე სიმაღლეზე, ბუჩქზე ან ბალახზე. აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დებს 4-5 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 12 დღემდე გრძელდება.
კვება
ფართოკუდა მეჩალიას საკვებს შეადგენენ პატარა ზომის მწერები, მათი კვერცხები და ლარვები. ჭამს ნაირგვარ ჭიებს, წვრილ ლოკოკინებს, ობობებს და სხვა წვრილ უხერხემლოებს.
მნიშვნელობა
კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია, მაგრამ მცირერიცხოვანია.